19 აპრილს საერთო ოპოზიციური შტაბის პრეზენტაცია მოეწყობა
![19 აპრილს საერთო ოპოზიციური შტაბის პრეზენტაცია მოეწყობა](https://gdb.rferl.org/9eb61e70-0d2c-4d07-9ca5-aabec206c22b_cx0_cy51_cw0_w800_h450.jpg)
19 აპრილს საერთო ოპოზიციური შტაბის პრეზენტაცია მოეწყობა. ოპოზიციის თქმით, პარტიული ლიდერების გარდა გამოჩნდებიან პროცესში ჩართული სხვა ადამიანებიც, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ 15 მაისის ღონისძიების მომზადებაში, - ეს იყო დღეს ოპოზიციის სამუშაო შეხვედრის ძირითადი მიზეზი.
ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ყველაზე ეფექტური გზა, რითაც ისინი შეძლებენ ხელისუფლებას გადაწყვეტილება შეაცვლევინონ, მასშტაბური პროტესტია.
"ბევრი ადამიანი შეიკრიბება მთავარ გამზირზე, იმიტომ რომ მშვიდობიანი ცვლილება აუცილებელია და უნდა ეს მოხდეს ვადამდელი არჩევნებით", - განაცხადა აკაკი მინაშვილმა.
მისი თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის დაძლევა შესაძლებელი იქნება მაშინ, როდესაც დასრულდება პოლიტიკური დევნა და გაათავისუფლებენ ნიკა მელიასა და გიორგი რურუას, მეორე საკვანძო საკითხი კი ვადამდელი არჩევნებია.
„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განცხადება გააკეთა ასევე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა და მოსალოდნელ აქციაზე ისაუბრა.
„დღევანდელი შეკრება იყო უფრო 19 აპრილისთვის, 19 აპრილს, 15:00 საათზე დავგეგმეთ რიყეზე შეკრება, ეს იქნება არა დიდი აქცია, არამედ უფრო შტაბის წარმოდგენა, დიდი საერთო შტაბის. ყველა პარტიის წარმომადგენლები იქნებიან. 15 მაისისთვის განცხადებას გავაკეთებთ, რომ რაღაცნაირად ეს ერთგვარი პრელუდია იყოს, რათა ადამიანებს გავაგებინოთ ჩვენი გეგმის შესახებ“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.