ირანმა გაამჟღავნა ნათანზის ბირთვულ ობიექტზე თავდამსხმელის ვინაობა
![ირანმა გაამჟღავნა ნათანზის ბირთვულ ობიექტზე თავდამსხმელის ვინაობა](https://gdb.rferl.org/9ada1837-7217-4d8f-a9fe-49cfbc53c600_w800_h450.jpg)
ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ დაასახელა იმ პირის ვინაობა, რომელიც ეჭვმიტანილია ნათანზის ბირთვულ ობიექტზე 11 აპრილს მომხდარ თავდასხმაში.
ტელევიზიის 17 აპრილის ცნობით, ეჭვმიტანილია ქაშანის მკვიდრი 43 წლის ირანელი რეზა კარიმი, რომელმაც ქვეყნის ტერიტორია უკვე დატოვა. სახელმწიფო ტელევიზიაში არ თქმულა, თუ როგორ მოახერხა მან ერთ-ერთ ყველაზე უფრო გასაიდუმლოებულ ობიექტზე შეღწევა.
ირანის ატომური ენერგეტიკის სააგენტოს ხელმძღვანელმა ალი აკბარ სალეჰიმ განაცხადა, რომ „ბირთვული ტერორიზმი“ იყო 11 აპრილს ნათანზის ბირთვულ რეაქტორში ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზი.
თეირანმა ისრაელს დასდო ბრალი ნათანზის ბირთვულ რეაქტორში ინციდენტისთვის, რომელმაც შეიძლება ჩრდილში მოაქციოს საერთაშორისო მცდელობა, სული შთაბერონ 2015 წლის შეთანხმებას, რომლიდანაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გავიდა 2018 წელს.
ნათანზის მიწისქვეშა ბირთვული რეაქტორი ირანის მიერ ურანის გამდიდრების პროგრამაში საკვანძო როლს ასრულებს და მას მეთვალყურეობას უწევს გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო.
2020 წელს, ნათანზის რეაქტორში გაჩნდა ხანძარი, რომელიც ირანის მთავრობამ საბოტაჟის მცდელობად შეაფასა.