რუსეთის სპეცსამსახურმა დააკავა უკრაინის კონსული სანკტ-პეტერბურგში
რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურმა 17 აპრილს სანკტ-პეტერბურგში უკრაინის კონსული, ალექსანდრ სოსონიუკი დააკავა. მას ბრალად ედება დიპლომატის სტატუსთან შეუსაბამო საქმიანობა - დაფარული ინფორმაციის მიღება.
უწყების პრესსამსახურის ცნობით, სოსონიუკი იმ დროს დააკავეს, როდესაც რუსეთის მოქალაქისგან იღებდა სამართალდამცავი ორგანოების მონაცემთა ბაზის შემცველ ინფორმაციას.
ცნობაში აღნიშნულია, რომ კონსული უკვე გათავისუფლებულია, მაგრამ მის მიმართ „მიიღებენ საერთაშორისო სამართლის ნორმებით გათვალისწინებულ ზომებს“, რაც ჩვეულებრივ ენაზე ნიშნავს ქვეყნიდან გაძევებას.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასეთ ქმედებას უწოდა პროვოკაციული და, როგორც რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური იუწყება, უწყებაში დაიწყო მომხდარის თაობაზე გარემოებების შესწავლა.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ კიევი უახლოეს მომავალში გადაწყვეტს კონსულის სამშობლოში დაბრუნების საკითხს. „ჩვენს დიპლომატს არავითარი კავშირი არ ჰქონია ისეთ ქმედებასთან, რომელსაც მას აბრალებენ რუსი სამართალდამცველები“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ევგენი ენინმა.
რუსეთის ეფ-ეს-ბეში კი ამტკიცებენ, რომ დაკავებული კონსულის ქმედება „ატარებდა აშკარად მტრულ ხასიათს“ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ.
ინციდენტის ფონია რუსეთის მიერ ვითარების ესკალაცია აღმოსავლეთ უკრაინის მახლობლად და ანექსირებულ ყირიმში, სადაც მოსკოვმა დიდ დამატებით სამხედრო ძალას მოუყარა თავი.