შს სამინისტროს შენობასთან რამდენიმე აქტივისტი დააკავეს
ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ აქტივისტები დააკავა.
როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი კობა ხაბაზი ამბობს, რომ დაკავებულთა შორის არის აქტივისტი ირაკლი ჩხვირკია, რომელსაც არაფერი დაურღვევია. ადგილზე მყოფი პოლიციელის თქმით, ჩხვირკია არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს და ცდილობდა საავტომობილო გზის გადაკეტვას.
სამართალდამცველის განმარტებით, აქტივისტების დაკავების მიზეზი გახდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლების დარღვევა.
აქტივისტები მოძრაობა „საქართველოსთვის" წარმომადგენლის გიორგი მუმლაძის დაკავების გამო შეიკრიბნენ. ის დღეს, 14 აპრილს, დააკავეს პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან მიმდინარე აქციაზე.
მმართველი პარტიის ოფისთან აქციის გამართვამდე გიორგი მუმლაძე სხვა აქტივისტებთან ერთად 12 აპრილს დააკავეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან. ისინი მოითხოვდნენ 5-დღიანი კარანტინის ვალდებულების გაუქმებას ოკუპაციის ხაზს მიღმა ტერიტორიიდან დანარჩენ საქართველოში გადმოსვლის შემთხვევაში.
აქტივისტები პოლიციას ადანაშაულებდნენ ძალის გადამეტებაში. სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა კი შსს-ს ცალკეული თანამშრომლების მიერ შეკრების მონაწილეების მიმართ უფლებამოსილების სავარაუდო ძალადობით გადამეტების ფაქტზე მოკვლევა დაიწყო.