აშშ-ში სწავლობენ, რამდენად უვნებელია Johnson & Johnson-ის ვაქცინა
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (CDC) 14 აპრილს მოიწვევს იმუნიზაციის პრაქტიკის მრჩეველთა კომიტეტის (ACIP) სხდომას და განიხილავს Johnson & Johnson-ის მიერ წარმოებული ვაქცინის გამოყენების საკითხს.
ACIP-ი განიხილავს ექვს შემთხვევას, როცა 18-დან 48 წლის ასაკის ქალებს თრომბოზი განუვითარდათ ვაქცინის გაკეთების შემდეგ 6-დან 13-მდე დღის პერიოდში. უწყება ამ ინციდენტების სერიოზულობას შეაფასებს.
ერთ-ერთი ქალი გარდაიცვალა, ერთი კრიტიკულ მდგომარეობაშია, განაცხადა FDA-მ. რეგულატორები იმედოვნებენ, რომ ვითარებას რამდენიმე დღეში გაარკვევენ.
13 აპრილს CDC-მ და სასურსათო პროდუქტებისა და მედიკამენტების სანიტარული მეთვალყურეობის უწყებამ (FDA) ამერიკის შტატებს ურჩიეს, შეაჩერონ კორონავირუსის ინფექციის წინააღმდეგ Johnson & Johnson-ის ვაქცინის გამოყენება.
ამ ვაქცინით აცრის შეჩერება მნიშვნელოვანი შეფერხებაა გლობალური ვაქცინაციისთვის, ვინაიდან, კონკურენტი ვაქცინებისგან განსხვავებით, სხეულში მისი შეყვანა მხოლოდ ერთხელ და არა ორჯერაა საჭირო.