ენგურჰესის ადმინისტრაციის ცნობით, სოფლების მოსახლეობა წყლის გაშვების წინ სმს-ს იღებს
მდინარე ენგურის გადალახვის დროს დაღუპული ოთხი ადამიანის შესახებ განცხადებას ავრცელებს ენგურჰესის ადმინისტრაცია. მისი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ 31 მარტიდან ენგურჰესიდან წყლის გაშვების პროცესი რეგულარულად მიმდინარეობს, მისი რაოდენობა დადგენილ ნორმაზე მნიშვნელოვნად ნაკლებია და არ შეეძლო გამოეწვია მდინარისა და მისი შენაკადების მნიშვნელოვანი მატება. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მდინარე ენგურისა და მისი შენაკადების დონემ განსაკუთრებით მოიმატა ბოლო დღეებში, უხვი ნალექით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად.
როგორც ადმინისტრაცია აღნიშნავს, მდინარე ენგურის სიახლოვეს მდებარე სოფლების მოსახლეობა კაშხლიდან წყლის გაშვების წინ ინფორმაციას მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით იღებს.
დღეს, 7 აპრილს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში, მდინარე ენგურის სანაპიროზე იპოვეს ოთხი გარდაცვლილი მოქალაქის ცხედარი.
აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის რუსტამ ლატიპოვის განცხადებით, მათ ვერ გაითვალისწინეს მდინარეში წყლის დონე და დინებას ვერ გაუმკლავდნენ, რამაც ფატალური შედეგი გამოიწვია. დე ფაქტო უშიშროების მონაცემებით, დაახლოებით დილის 03:00 საათზე ენგურჰესიდან წყალი იყო გაშვებული, რაც გახდა მდინარეში წყლის დონის მომატების მიზეზი.
ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებნი დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვრის დაკეტვის გამო, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლას და უკან დაბრუნებასაც პერიოდულად ცდილობენ მდინარე ენგურის გადაცურვით. მსგავსი მცდელობა ტრაგედიით არაერთხელ დასრულდა.