ერევანში ასობით ქალი შეეცადა მთავრობის შენობაში შეჭრას
![ერევანში ასობით ქალი შეეცადა მთავრობის შენობაში შეჭრას](https://gdb.rferl.org/c1c08765-6f96-4679-9a8b-112c6a863b27_w800_h450.jpg)
ერევანში ოპოზიციური მოძრაობა „ვეტოს“ წევრმა ასობით ქალმა მოაწყო საპროტესტო აქცია სომხეთის მთავრობის შენობის წინ. ისინი ხელისუფლებისგან ითხოვენ სამხედროების განთავისუფლებას, რომლებიც შარშან ტყვედ ჩავარდნენ აზერბაიჯანის ძალების წინააღმდეგ მთიანი ყარაბაღისთვის ბრძოლებში. მიტინგის მონაწილეებმა აქცია დაამთხვიეს დედობისა და სილამაზის დღეს, რომელიც სომხეთში 7 აპრილს აღინიშნება.
დემონსტრანტებმა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს მოღალატეობაში დასდეს ბრალი იმის გამო, რომ მან ნოემბერში ბაქოსთან საზავო შეთანხმებას მოაწერა ხელი. აქციის მონაწილეთა თქმით, ეს შეთანხმება არ მოქმედებს. ისინი აცხადებენ, რომ ხელისუფლება ხუთი თვის განმავლობაში უმალავს დედებსა და ცოლებს ინფორმაციას დაღუპულთა, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და ტყვედ ჩავარდნილთა შესახებ.
დემონსტრანტები შეეცადნენ შეჭრილიყვნენ მინისტრთა კაბინეტის შენობაში. როცა პოლიციამ შესასვლელი ჩაკეტა, დემონსტრანტებმა მთავრობის შენობას კვერცხები და საღებავიანი პაკეტები დაუშინეს. სამართალდამცავმა ორგანოებმა მომიტინგეთა დაკავება დაიწყეს.
ადრე სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დათანხმდა, შეასრულოს საპროტესტო აქციების მონაწილეთა მოთხოვნა და გადაგეს. ეს უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში უნდა მოხდეს. ამის შემდეგ ქვეყანაში დაიწყება მზადება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომელიც 20 ივნისისთვისაა დანიშნული.