სამხარაძის განცხადებით, ადამიანს შეიძლება ნერვებმა უმტყუნოს თუ შეურაცხყოფას აყენებენ
![სამხარაძის განცხადებით, ადამიანს შეიძლება ნერვებმა უმტყუნოს თუ შეურაცხყოფას აყენებენ](https://gdb.rferl.org/f682c583-18b0-4667-8708-a9fc36a6c521_w800_h450.jpg)
მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისთან შეკრებილი აქტივისტების მიმართ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის მხრიდან ნაჩვენებ შეურაცხმყოფელ ჟესტზე დასმულ შეკითხვას უპასუხა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ.
„ნებისმიერ პოლიტიკოსს და საჯარო პირს აქვს თმენის ვალდებულება, შესაბამისად, ეს კარგი საქციელი არ არის", - თქვა ნიკოლოზ სამხარაძემ. ამავე დროს „ქართული ოცნების" დეპუტატმა დაამატა, რომ „ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ მომენტში თუ მას შეურაცხყოფას აყენებენ უხამსი ფორმით, შეიძლება, ნერვებმა უმტყუნოს".
მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში პოლიტიკური საბჭოსა და საპარლამენტო უმრავლესობის სხდომების დაწყებამდე საპროტესტო აქცია გამართეს აქტივისტებმა. მათი პროტესტი საქართველოში რუსეთის „პირველი არხის" ტელეწამყვანის ვლადიმირ პოზნერის ჩამოსვლის გამოძახილი იყო. აქტივისტებს ჰქონდათ ტრანსპარანტები: „აფხაზეთი საქართველოა“, „რუსული ოცნება“, „დიდება გმირებს“... მათ პარტიის ოფისის წინ სიმბოლურად მიიტანეს მავთულხლართი. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას ადანაშაულებენ საქართველოში პოზნერის შემოშვების გამო.
გიორგი ვოლსკიმ პარტიის ოფისში შესვლამდე აქციის მონაწილეებს შეურაცხმყოფელი ჟესტი უჩვენა.