სამინისტრო: პურზე ფასი შენარჩუნდება
![სამინისტრო: პურზე ფასი შენარჩუნდება](https://gdb.rferl.org/AE83B44C-DD96-45EB-BDE6-8F2076D84E58_w800_h450.jpg)
მთავრობის გადაწყვეტილებით, „ხორბლის ფქვილის სუბსიდირების“ სახელმწიფო პროგრამა 2021 წლის 30 ივნისამდე გაგრძელდა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. განცხადების თანახმად, პროგრამის ფარგლებში ერთ 50-კილოგრამიან ტომარა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე სუბსიდიის მოცულობა შეადგენს არაუმეტეს 20 ლარს. სუბსიდიის შედეგად, ბენეფიციარი ვალდებული იქნება, ერთი 50-კილოგრამიანი ტომარა სუბსიდირებული პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის რეალიზაცია არაუმეტეს 53 ლარად მოახდინოს.
„პროგრამის ბენეფიციარები გამოვლინდება სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვის გზით, სადაც მონაწილე დააფიქსირებს მისაღები სუბსიდიის ოდენობას და მოცულობას, ყოველ ერთ 50 კილოგრამიან ტომარა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე გადაანგარიშებით, რომლის რეალიზაციაც განხორციელდება პროგრამის პირობების შესაბამისად.
სუბსიდირება განხორციელდება 2021 წლის 30 ივნისამდე ყოველთვიურად, არაუმეტეს 10 000 ტონა, რეალიზებულ პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე“, - აღნიშნავენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
ფქვილის სუბსიდირების პროგრამა 2020 წლის დეკემბრიდან მოქმედებს. მისი მოქმედების ვადა თავდაპირველად 4 თვით განისაზღვრა.