მთიან ყარაბაღის სეპარატისტულ პარლამენტს რუსულისთვის ოფიციალური ენის სტატუსის მინიჭება სურს
![მთიან ყარაბაღის სეპარატისტულ პარლამენტს რუსულისთვის ოფიციალური ენის სტატუსის მინიჭება სურს](https://gdb.rferl.org/adf31f2e-3c9d-4da4-a0e3-851949e2cb3d_w800_h450.jpg)
მთიანი ყარაბაღის სეპარატისტულმა პარლამენტმა 25 მარტს დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც რუსული გახდება ეთნიკური სომხებით დასახლებული რეგიონის მეორე ოფიციალური ენა, სომხურთან ერთად.
კანონპროექტში, რომელიც კანონი გახდება რეგიონის ეთნიკური სომეხი ლიდერის ხელმოწერის შემდეგ, ნათქვამია, რომ რუსული ენისთვის ოფიციალური სტატუსის მინიჭება გააღრმავებს მთიანი ყარაბაღის "კულტურული, სამხედრო და ეკონოკიური კავშირების" ისტორიას რუსეთთან.
მომხრეები ამტკიცებდნენ, რომ ეს წინადადება ხელს შეუწყობს - სეპარატისტული რეგიონის გამო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გასული წლის ომის შემდეგ - მთიან ყარაბაღში დისლოცირებულ რუს ჯარისკაცებთან და ჰუმანიტარული დახმარების მუშაკებთან კომუნიკაციას.
რუსეთის ყოფნა აზერბაიჯანის კუთვნილ მთიან ყარაბაღში მკვეთრად გაიზარდა რეგიონის შიგნით და მის გარშემო ექვსკვირიანი საბრძოლო მოქმედებების შემდეგ, რაც 2020 წლის ნოემბერში, მოსკოვის შუამდგომლობით, ცეცხლის შეწყვეტით დასრულდა.
საზავო ხელშეკრულების მიხედვით, მთიანი ყარაბაღის ნაწილი და მის გარშემო მყოფი შვიდივე რაიონი, ეთნიკური სომხური ძალების მიერ თითქმის 30 წლიანი კონტროლის შემდეგ, კვლავ აზერბაიჯანის მმართველობის ქვეშ გადავიდა.
ხელშეკრულების თანახმად, დაახლოებით 2000 რუსი სამხედრო, სამშვიდობო ძალები, იქნა განლაგებული ფრონტისპირა ხაზის რაიონებისა და სახმელეთო დერეფნის გასწვრივ, რომელიც სადავო ტერიტორიას სომხეთთან აკავშირებს.
მთიანი ყარაბაღი საერთაშორისოდ აღიარებულია, როგორც ნაწილი აზერბაიჯანისა, რომელმაც დაგმო სეპარატისტების გეგმა რუსული ენისთვის ოფიციალური სტატუსის მინიჭების შესახებ.