ქაბული მონაწილეობას მიიღებს როგორც აშშ-ის, ისე მოსკოვის ორგანიზებულ სამშვიდობო კონფერენციებში
ავღანეთის ხელისუფლება სამომავლოდ მონაწილეობას მიიღებს როგორც აშშ-ის, ისე რუსეთის მიერ ორგანიზებულ ორ სხვადასხვა სამშვიდობო კონფერენციაში.
13 მარტს ამის შესახებ ქაბულში ჟურნალისტებს უთხრა ავღანეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს მრჩეველმა, ჰამდულაჰ მოჰიბმა.
რუსეთი ავღანეთის სამშვიდობო მოწესრიგების თაობაზე მოსკოვში 18 მარტს გეგმავს საერთაშორისო კონფერენციის ჩატარებას და შესაბამისი მოწვევა გაუგზავნა რამდენიმე რეგიონულ მოთამაშეს.
მომდევნო თვეში კი აშშ-ის ორგანიზებით სამშვიდობო კონფერენციას ავღანეთის საკითხზე თურქეთი უმასპინძლებს.
ორივე ხსენებულ შეკრებაზე მიწვეული არიან ავღანეთის კონფლიქტში დაპირისპირებული მთავარი ძალები - მოძრაობა თალიბანი და ავღანეთის მთავრობა.
იმედოვნებენ, რომ კონფერენციები ახალ სულს შთაბერავს ყატარში დაწყებულ სამშვიდობო მოლაპარაკებას დაპირისპირებულ მხარეებს შორის.
თალიბანის პრესმდივნის, მოჰამად ნაემის, თანახმად, ექსტრემისტულ დაჯგუფებას ჯერ არ გადაუწყვეტია რომელიმე შეხვედრაში მონაწილეობა. კონფერენცია წინ უსწრებს 1 მაისს, თარიღს, როდესაც აშშ-ისა და თალიბანის მიერ მიღწეული შეთანხმების თანახმად, ავღანეთიდან უნდა დაიწყოს ნატო-ს სარდლობით მოქმედი სამხედრო ქვედანაყოფების გასვლა.