ამირან გამყრელიძე: "ზაფხულში მასობრივი იმუნიზაცია გვექნება"
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე ისაუბრა სამომავლო გეგმებზე, რომელიც ვაქცინაციას ეხება.
მისი თქმით, გარანტირებულია მილიონ 400 ათასი დოზა „კოვაქსიდან“, რომლითაც დღეს შემოვიდა პირველი ვაქცინა. გამყრელიძე იმედოვნებს, რომ მთავრობა თავისი კონტაქტების მეშვეობით გაზრდის დოზას და ზაფხულში მასობრივი იმუნიზაცია იქნება შესაძლებელი.
„წელს ქვეყანაში უნდა აიცრას მილიონ 700 ათასი ადამიანი ორჯერადად. რაც არის დაახლოებით 3 მლნ 400 ათსი დოზა, თავისი გარკვეული დანაკარგით. ჩვენ ვანგარიშობთ 3 მლნ 900 ათას დოზას, რომლის მობილიზაციაც ქვეყანაში გაკეთდება წელს“, - განაცხადა გამყრელიძემ.
მან ასევე მოუწოდა კოლეგებს, ორშაბათიდან, როცა ვაქცინაცია დაიწყება, მისცენ მაგალითი საზოგადოებას - „ამ ყველაზე დიდი სიკეთის შესახებ, რაც კი საზოგადოებას ამ 200 წლის განმავლობაში მოუგონია.
მოგეხსენებათ, რომ ვაქცინაციამ გადაარჩინა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე და სწორედ ვაქცინაცია დაასრულებს 21-ე საუკუნის ყველაზე დიდ გამოწვევას, რაც არის კოვიდპანდემია. ამიტომ, გთხოვთ, ყველა ვიყოთ სოლიდარული, მობილიზებული, რომ ეს პროცესი ქვეყანაში კარგად წარიმართოს“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე, რომელზეც ასევე წარადგინა ვაქცინაციაზე რეგისტრაციის პლატფორმა - Booking.Moh.Gov.Ge