„1000 მშობლის მარში" პირველი რესპუბლიკის მოედნიდან მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართება
100-დღიანი კამპანიის ფარგლებში „1000 მშობლის მარში“ თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან მთავრობის ადმინისტრაციისკენ დაიძრა. კამპანია უპირისპირდება სქესობრივ ძალადობას გოგოების და ქალების მიმართ. ის მას შემდეგ დაიგეგმა, რაც თებერვლის დასაწყისში, 14 წლის გოგომ თავი მოიკლა.
„მომისმინეთ“ - ასე წერია მთავარ პლაკატზე, რომელიც აქციის მონაწილეებს აქვთ.
მარშის ორგანიზატორების მოთხოვნებია:
შეცვალეთ სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურების მუხლი, რითიც თანხმობის არარსებობა გახდება ცენტრალური ამოსავალი;
შექმენით პროკურატურაში სპეციალიზებული დეპარტამენტი, რომელიც სექსუალური ძალადობის საქმეებს ეფექტიანად გამოიძიებს;
გახადეთ სქესობრივი განათლება ფორმალური განათლების ნაწილი, რითიც ბავშვები შეძლებენ სქესობრივი ძალადობის ამოცნობასა და მისგან თავის დაცვას;
გაზარდეთ ფსიქოლოგების და სოცმუშაკების რაოდენობა;
დადგეს ნინის საქმის პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი სამსახურებრივი გულგრილობის გამო.
„1000 მშობლის მარში“ საქართველოს რამდენიმე ქალაქში მიმდინარეობს.
14 წლის გოგოს საქმეზე დაკავებულია და პატიმრობაში იმყოფება 23 წლის კაცი. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით აქვს წარდგენილი: 140-ე მუხლის პირველი ნაწილი (სრულწლოვანის სექსუალური ხასიათის შეღწევა დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველის სხეულში, (ორი ეპიზოდი)) და 115-ე მუხლი (თვითმკვლელობამდე მიყვანა), რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქმეზე, აგრეთვე, დაკავებულია გარდაცვლილი გოგოს ბაბუა.