ირაკლი ღარიბაშვილი: აბსოლუტური სიცრუეა, რომ სასამართლო კლანის მიერ იმართება
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ბოლო წლებში ქვეყანაში არაერთი წარმატებული რეფორმა განხორციელდა და მოხდა ისეთი სახელმწიფო ინსტიტუტების დეპოლიტიზება, როგორებიცაა პოლიცია, ჯარი და სასამართლო. ამ უკანასკნელზე, კერძოდ, სასამართლოზე საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ სასამართლო კლანის მიერ იმართება:
„დღეს გვსაყვედურობენ, რომ სასამართლო თურმე იმართება კლანის მიერ, რაც არის აბსოლუტური სიცრუე.
ჩვენ კარგად ვიცით, რა ვითარებაში იმართებოდა სასამართლო სააკაშვილის დროს. სამწუხაროდ, ასეთი შენიშვნები და ასეთი განცხადებები მე არ მომისმენია. მათ შორის, არც ჩვენი უცხოელი პარტნიორების მხრიდან“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, სადაც რიგგარეშე სესიაზე მინისტრთა ახალი კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილება. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მმართველობის 8 წლის განმავლობაში რეალური გადაწყვეტილებები იქნა მიღებული იმისთვის, რათა წნეხისგან გათავისუფლებულიყო როგორც სასამართლო, ისე პოლიცია, ჯარი და უსაფრთხოების სამსახურები.
საქართველოს პარლამენტი დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე უყრის კენჭს „ქართული ოცნების“ პრემიერმინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ნდობის მისაღებად წარდგენილ მთავრობის შემადგენლობას და 2021-2024 წლების პროგრამას „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“.
მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება საჭირო გახდა მას შემდეგ, რაც 18 თებერვალს გიორგი გახარიამ დატოვა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა და მიზეზად დაასახელა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა მასსა და მმართველი გუნდის სხვა წარმომადგენლებს შორის.
ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წარდგენილ მთავრობაში მას თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე შეცვლის მინისტრის მოადგილე ჯუანშერ ბურჭულაძე, ხოლო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე მაია ცქიტიშვილს - მინისტრის მოადგილე ირაკლი ქარსელაძე. მთავრობის დანარჩენი შემადგენლობა უცვლელია.
საპარლამენტო საქმიანობაში არ მონაწილეობენ "ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის", "ევროპული საქართველოს", "სტრატეგია აღმაშენებლის", "ლელოს", "ლეიბორისტული პარტიისა" და "გირჩის" სიებით არჩეული დეპუტატები, რომლებიც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ვადამდელ არჩევნებს მოითხოვენ.
"ქართული ოცნების" წინააღმდეგ გაერთიანებული ოპოზიცია, რომელიც ვადამდელი არჩევნების ჩასატარებლად ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას მოითხოვს, აცხადებს, რომ მმართველმა პარტიამ პრემიერმინისტრობის ყველაზე დესტრუქციული კანდიდატი შეარჩია.