ჩეხეთის, უნგრეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის ლიდერებმა აღნიშნეს „ვიშეგრადის ჯგუფის“ შექმნის 30 წლისთავი
![ჩეხეთის, უნგრეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის ლიდერებმა აღნიშნეს „ვიშეგრადის ჯგუფის“ შექმნის 30 წლისთავი](https://gdb.rferl.org/8DC1FA28-679E-4EB7-B0D8-5DF7AECD171A_w800_h450.jpg)
17 თებერვალს ცენტრალური ევროპის ოთხი ქვეყნის - ჩეხეთის რესპუბლიკის, უნგრეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის - ლიდერები პოლონეთის ქალაქ კრაკოვში შეიკრიბნენ ე.წ. „ვიშეგრადის ჯგუფის“ შექმნის 30 წლისთავის აღსანიშნავად. „ვიშეგრადის ჯგუფი“ არაფორმალური გაერთიანებაა და ის შეიქმნა რეგიონში პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობისთვის ხელის შესაწყობად.
დღევანდელ შეხვედრას, რომელსაც პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ უმასპინძლა, დაესწრნენ უნგრეთის, ჩეხეთის რესპუბლიკისა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრები - ვიქტორ ორბანი, ანდრეი ბაბიში და იგორ მატოვიჩი. მათთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობდა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე შარლ მიშელი.
პოლონეთის პრესაში გამოქვეყნებულ წერილში ორბანი წერს, რომ ცენტრალური ევროპის ქვეყნების ამოცანაა, ევროპის კავშირი დაიცვას „გარეშე თავდასხმებისგან“, მაგრამ ასევე „იმპერიის მშენებლობისკენ მიმართული შიდა ტენდენციებისგან“, და დაიცვას საკუთარი დამოუკიდებლობა.
ორბანის თქმით, ვიშეგრადის ოთხეულის ქვეყნებს გაცნობიერებული აქვთ ევროპის მომავალში საკუთარი პასუხისმგებლობის წილი, რომელიც ქრისტიანულ ღირებულებებს ემყარება.
ოთხივე ქვეყანა არის ევროკავშირისა და ნატოს წევრი. ბრიუსელი ხშირად აკრიტიკებს უნგრეთსა და პოლონეთს ისეთ სფეროებში პოლიტიკური ჩარევისთვის, როგორებიცაა სასამართლო სისტემა და მედია.