საგარეო უწყება ეხმაურება სან-მარინოში სამხრეთ ოსეთის ე.წ. ოფიციალური წარმომადგენლის დანიშვნას
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოდიოზურ ფიგურას უწოდებს ფრანჩესკო კიარელის, რომელიც ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის რეჟიმმა სან-მარინოში დანიშნა ე.წ. ოფიციალურ წარმომადგენლად.
„იმ ფონზე, როდესაც მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკას, ხოლო ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ იურიდიულად დაადგინა რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციისა და ეფექტური კონტროლის ფაქტი, საოკუპაციო რეჟიმებს ისღა დარჩენიათ, რომ სხვადასხვა ქვეყნებში თვითმარქვია ე.წ. ელჩებისა და წარმომადგენლების დანიშვნის შესახებ პროპაგანდის გავრცელებით შეეცადონ საწინააღმდეგოს მტკიცებას“, - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
სამინისტრო რუსეთის სპეცსამსახურების მხრიდან ჰიბრიდული ომის შესახებ მიუთითებს.
„შეუიარაღებელი თვალისთვისაც კი ცხადზე ცხადია, რომ ისეთი იდიოზური ფიგურები, როგორიცაა მაურო მურჯა და ვიტო გრიტანი იტალიაში, ხოლო ახალი ე.წ. წარმომადგენელი ფრანჩესკო კიარელი სან-მარინოში, ემსახურებიან რუსეთის სპეცსამსახურების დესტრუქციულ ამოცანებს საქართველოსა და ევროპული სახელმწიფოების წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების განხორციელებაში. ბუნებრივია, აღნიშნული იდიოზური პირების უკანონო საქმიანობას სრულად ემიჯნებიან იტალიისა და სან-მარინოს მთავრობები.
ჩვენ მჭიდრო კონტაქტზე ვართ ჩვენი პარტნიორების - იტალიისა და სან-მარინოს მთავრობებთან, რათა მათთან კოორდინაციით დავუპირისპირდეთ ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტებსა და დეზინფორმაციის კამპანიას და მოვახდინოთ არაღიარების პოლიტიკის შემდგომი კონსოლიდაცია საერთაშორისო არენაზე“, - ვკითხულობთ განცხადებაში.