სახელმწიფო დუმამ მიიღო კანონპროექტი „უცხოეთის აგენტთან“ დაკავშირებულ ჯარიმებზე
სახელმწიფო დუმამ მესამე, საბოლოო წაკითხვით მიიღო კანონპროექტი ჯარიმებზე „უცხოეთის აგენტის“ თაობაზე ინფორმაციისა და მათი მასალების გავრცელებისთვის სტატუსის მიუთითებლობის შემთხვევაში.
შესწორებები შეაქვთ ადმინისტრაციული კანონდარღვევების შესახებ კოდექსში.
მასმედიაში, ასევე მედიის მასალებში, რომლებიც ინტერნეტით ვრცელდება, ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ ინფორმაცია და ამ ორგანიზაციების მიერ წარმოებული მასალები შესაბამისი მარკირებით თუ არ არის აღნიშნული, გათვალისწინებულია ჯარიმა 2-დან 2,5 ათას რუბლამდე მოქალაქეებისთვის, 4-დან 5 ათას რუბლამდე თანამდებობის პირებისთვის, და 40-დან 50 ათას რუბლამდე - იურიდიული პირებისთვის.
მეორე წაკითხვისას კანონპროექტში შეიტანეს დაზუსტება, რომ ის ეხება სწორედ მასმედიას და არა ბლოგერებს და ინტერნეტის ჩვეულებრივ მომხმარებლებს.
ასევე ჯარიმები ემუქრებათ „უცხოეთის აგენტის“ სტატუსის მქონე არაკომერციულ ორგანიზაციებს, რომელთა მასალებში არ იქნება მითითებული, რომ ისინი „უცხოეთის აგენტის“ მიერაა მომზადებული.
ცვლილებები მარტში უნდა შევიდეს ძალაში.
საერთაშორისო უფლებადამცველი ჯგუფები და დასავლელი პოლიტიკოსები ხშირად აკრიტიკებენ რუსეთის კანონმდებლობას „უცხოეთის აგენტებად“ მიჩნეული არაკომერციული ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების შესახებ და მიუთითებენ სავარაუდო სავალალო შედეგებზე სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის.