რა თეორიული გზები რჩება სასამართლოს თუკი არ დააპატიმრებს ნიკა მელიას
ადვოკატი კახა წერეთელი, რომელსაც მთავარი პროკურორის მოადგილედ მუშაობის გამოცდილება აქვს, რადიო თავისუფლებასთან განიხილავს იმ თეორიულ შესაძლებლობებს, რაც სასამართლოს აქვს ნიკა მელიასთან დაკავშირებულ აღკვეთის ღონისძიების საკითხზე.
გენერალურმა პროკურატურამ დღეს, 16 თებერვალს, სასამართლოს მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარისთვის აღკვეთის ღონისძიების დამძიმების შუამდგომლობით, რასაც წინ უძღოდა ნიკა მელიასთვის პარლამენტის წევრის იმუნიტეტის შეჩერება.
რადიო თავისუფლება დაინტერესდა, თეორიულად რა გზები რჩება სასამართლოს თუკი აღკვეთის ღონისძიების სახით ნიკა მელიას არ შეუფარდებს პატიმრობას?
კახა წერეთელმა გვითხრა, რომ სასამართლოს არ აქვს პირდაპირი ვალდებულება, რომ აუცილებლად დააკმაყოფილოს პროკურატურის მოთხოვნები, მაშინ სასამართლო არ იარსებებდა და მიმართვას საერთოდ აზრიც არ ექნებოდა. ასეთ შემთხვევაში პროკურატურას პირდაპირ მიანიჭებდა კანონი ამ უფლებას.
„რადგან სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს ეს საკითხი საკუთარი შეხედულებისამებრ, დღეს რატომ უნდა შეუფარდოს, რატომ უნდა დაუმძიმოს აღკვეთის ღონისძიება; მან უნდა ჩათვალოს, რომ ეს საფრთხეები იმ დოზით არის წარმოდგენილი, რომ მელიას პატიმრობაში ყოფნა არის აუცილებელი, მათ შორის, იმის გამო, რომ მან არ შეასრულა აღკვეთის ღონისძიებით მასზე დაკისრებული მოვალეობა. მიუხედავად იმისა, რომ ცოტა რთული წარმოსადგენია დავუშვათ სხვა გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ შანსი სასამართლოს აქვს იმისა, რომ არ დააკმაყოფილოს პროკურატურის მოთხოვნები“, - ამბობს კახა წერეთელი.
ადვოკატი განმარტავს, რა შეიძლება თეორიულად მოიმოქმედოს სასამართლომ. „ეს პრაქტიკა მე სხვა საქმეებში არ მახსოვს - გირაოს თანხის გაზრდა, რომ ჩათვლილიყო აღკვეთის ღონისძიების დამძიმებად, მაგრამ შორს წასვლა აღარ გვინდა, თვითონ მელიას შემთხვევაში დაუშვა სასამართლომ. ამიტომ თუ ერთხელ დაუშვა და გაზრდა აკმარა, წმინდა თეორიულად, რა შეუშლის, რომ კიდევ გაზარდოს?! ეს შეიძლება უსასრულობამდე წავიდეს. ცოტა ლოგიკას სცდება, მაგრამ მსგავსი მიდგომა სასამართლომ თვითონ მელიას საქმეში ერთხელ უკვე შემოგვთავაზა. 30 000-ლარიანი გირაოს ფარგლებში დაუმძიმა აღკვეთის ღონისძიება და კვლავ გირაო შეუფარდა. ჩვენ ვსაუბრობთ თეორიულ შესაძლებლობაზე და არა იმაზე, რასაც სასამართლოდან ველოდებით. თეორიულად სასამართლო არ არის ვალდებული გინდა თუ არა დააკმაყოფილოს პროკურატურის მოთხოვნა.
თეორიულად ისიც არის შესაძლებელი, რომ გირაოს სახით შეფარდებული 30 000 ლარი დატოვოს აღკვეთის ღონისძიებად“, - განმარტავს წერეთელი.
ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, ე.წ. გავრილოვის ღამეს პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით. ამ საქმეზე პარლამენტმა მას იმუნიტეტი ერთხელ უკვე შეუჩერა მე-9 მოწვევის პარლამენტში. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო - 30 000 ლარი (რაც მელიამ გადაიხადა) და ელექტრონული მონიტორინგი. 2020 წლის 1 ნოემბერს, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიამ საჯაროდ მოიხსნა ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური.
ამის შემდეგ, პროკურატურამ სასამართლოს მიმართა გირაოს 100 000 ლარამდე გაზრდის შუამდგომლობით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიას მიმართ მანამდე შეფარდებული გირაო გაიზარდა 40 000 ლარით და გადახდის ვადად 50 დღე განესაზღვრა. მელიას, ასევე, აეკრძალა ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 2021 წლის 5 თებერვალს განაცხადა, რომ ბრალდებულ ნიკა მელიას, რომელმაც გირაოს თანხა, 40 000 ლარი არ გადაიხადა სასამართლოს მიერ დაწესებულ ვადაში, 2020 წლის 24 დეკემბრამდე, დამატებით ერთ კვირას აძლევს მის გადასახდელად. მელიამ იმავე დღეს თქვა, რომ გირაოს არ გადაიხდის და ვერც დააკავებენ.
ერთკვირიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, 12 თებერვალს გენერალურმა პროკურორმა პარლამენტს მიმართა თანხმობისთვის, რათა პროკურატურას სასამართლოსგან მოეთხოვა ნიკა მელიას მიმართ გირაოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით - პატიმრობით შეცვლა.
16 თებერვალს პარლამენტმა მელიას იმუნიტეტი შეუჩერა, რის შემდეგაც პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს.
კიდევ ერთ, „ქართუ ბანკთან" დაკავშირებულ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ მელიას მე-9 მოწვევის პარლამენტში დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტეს.
საქმე ეხება „ქართუს“ გაკოტრების მცდელობას. თბილისის საქალაქო სასამართლომ აღსრულების ეროვნული ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი ნიკა მელია დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, 25 ათასი ლარის ჯარიმა დააკისრა და 2 წლის და 3 თვის ვადით ჩამოართვა თანამდებობის დაკავების უფლება.
ნიკა მელია საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის წევრია. მიუხედავად იმისა, რომ მას ოპოზიციიდან არჩეულ კიდევ 50 დეპუტატთან ერთად პარლამენტისთვის ოფიციალურად აქვს მიმართული უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით, 2 თებერვალს პარლამენტმა ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.