გაეროს ადამიანის საბჭო ბირმას (მიანმარი) მოუწოდებს, გაათავისუფლოს გადატრიალების შემდეგ დაკავებული პირები
![გაეროს ადამიანის საბჭო ბირმას (მიანმარი) მოუწოდებს, გაათავისუფლოს გადატრიალების შემდეგ დაკავებული პირები](https://gdb.rferl.org/5D706109-8A72-43DF-8AAF-B547504E6637_w800_h450.jpg)
გაეროს ადამიანის უფლებების უწყება მოითხოვს, ბირმის (მიანმარი) არმიამ აღადგინოს სამოქალაქო მმართველობა და გაათავისუფლოს აუნ სან სუ ჩი, და აცხადებს, რომ "მსოფლიო თვალყურს ადევნებს", როგორც იზრდება და ასიათასობით ადამიანს აღწევს იმ დემონსტრანტთა რაოდენობა, რომლებიც აპროტესტებენ ქვეყანაში სამხედრო გადატრიალებას.
ადამიანის უფლებების საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც გამოდის მოწოდებით, გათავისუფლდეს განურჩევლობის პრინციპით დაკავებული ყველა პირი და აღდგეს "არჩეული მთავრობის" მმართველობა. აუნ სან სუ ჩის და პრეზიდენტ ვინ მინის გარდა, 1 თებერვლის შემდეგ დააკავეს 350-ზე მეტი პირი, მათ შორის, აქტივისტები, ჟურნალისტები, სტუდენტები და ბერები, - ამბობს ნადა ალ-ნაშიფი, გაეროს ადამიანის უფლებების უწყების დირექტორის მოადგილე.
არმიის მიერ ხელისუფლების დაუფლება "წარმოადგენს მძლავრ უკან გადადგმულ ნაბიჯს ქვეყნისთვის, დემოკრატიაზე გადასვლის პროცესში ათწლეულის განმავლობაში დიდი ძალისხმევით მოპოვებული წარმატების შემდეგ", - ამბობს ალ-ნაშიფი. ის გმობს "დრაკონულ წესებს", რომლებიც შემოიღეს მშვიდობიანი შეკრების და თავისუფალი გამოხატვის შეზღუდვის მიზნით.
საბჭოს საგანგებო სხდომა, რომელიც იშვიათად იმართება, მოიწვიეს ბრიტანეთისა და ევროკავშირის თხოვნით. ცოტა ხნით ადრე საბჭოში მონაწილეობა განაახლა აშშ-მა, მას შემდეგ, რაც ქვეყანა საბჭოდან 2018 წელს გამოიყვანა დონალდ ტრამპმის ადმინისტრაციამ. რეზოლუცია წინააღმდეგობის გარეშე მიიღეს, მას შემდეგ, რაც პირველი ვერსიის პროექტი ჩინეთისა და რუსეთის ზეწოლის შედეგად ოდნავ განეიტრალდა.