დასახელდა საქართველოს სარაგბო ნაკრების შემადგენლობა, რომელიც რუსეთთან ითამაშებს
![დასახელდა საქართველოს სარაგბო ნაკრების შემადგენლობა, რომელიც რუსეთთან ითამაშებს](https://gdb.rferl.org/c1937802-96c4-4987-8863-c9aff186aa26_w800_h450.jpg)
საქართველოს სარაგბო ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა, რუსეთთან მატჩამდე ორი დღით ადრე გამოაცხადა ძირითადი და სათადარიგო შემადგენლობები. „ბორჯღალოსნები“ რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის სეზონის ბოლო ტურის შეხვედრას, ასევე შარშანდელი „შემოდგომის ერთა თასის“ უმნიშვნელოვანეს თამაშებთან შედარებით, განსხვავებული განაცხადით ხვდებიან. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ უბრუნდებიან სანაკრებო სიას ზურაბ ჟვანია, მიხეილ გაჩეჩილაძე, თამაზ მჭედლიძე და მირიან მოდებაძე. ოთხივე სასტარტო შემადგენლობაშია. მათ მხარდამხარ ითამაშებს თვრამეტი წლის დავით ნინიაშვილი, რომელიც „ბორჯღალოსნების“ ძირითად თხუთმეტეულში პირველად მოხვდა. გიორგი ნუცუბიძეს კი სულაც დებიუტი ექნება ეროვნული გუნდის რიგებში.
საქართველოსა და რუსეთის მატჩი კორონავირუსის პანდემიის გამო ორჯერ გადაიდო. ამჯერად, იმავე მიზეზით, შეზღუდვა მხოლოდ მაყურებლებს შეეხებათ - თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის ტრიბუნები ცარიელი იქნება.
თამაში 7 თებერვალს, 15:00 საათზე დაიწყება და როგორი შედეგითაც არ უნდა დასრულდეს, მასპინძლები მაინც მიიღებენ რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის სეზონის საჩემპიონო თასს, რომელიც ბოლო ტურამდე გაინაღდეს.
საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა ასეთია: დავით ნინიაშვილი, აკა ტაბუცაძე, თამაზ მჭედლიძე, მერაბ შარიქაძე, მირიან მოდებაძე, თედო აბჟანდაძე, ვასილ ლობჟანიძე, ზურაბ ჟვანია, შალვა მამუკაშვილი, ბექა გიგაშვილი, ლაშა ჯაიანი, გიორგი ჯავახია, მიხეილ გაჩეჩილაძე, ბექა საღინაძე, თორნიკე ჯალაღონია. სათადარიგოები - დემე თაფლაძე, ლაშა ხმალაძე, გელა აფრასიძე, გიორგი თხილაიშვილი, დავით გიგაური, გიორგი მელიქიძე, გიორგი ნუცუბიძე, გიორგი ჭყოიძე.