საქართველოს ტერიტორიულ წყლებში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი „დონალდ კუკი“ შემოვიდა
![საქართველოს ტერიტორიულ წყლებში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი „დონალდ კუკი“ შემოვიდა](https://gdb.rferl.org/eef8c69d-ec88-4a43-a873-100584f8e6ff_w800_h450.jpeg)
საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ამერიკის შეერთებული შტატების
სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი „დონალდ კუკი“ (USS Donald Cook -DDG-75) შემოვიდა. ბათუმის პორტში ხომალდს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები დახვდნენ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, ვიზიტი აშშ-სა და საქართველოს შორის საზღვაო სფეროში თანამშრომლობის განმტკიცებას ემსახურება. სამინისტროს განმარტებით, Arleigh Burke-ს კლასის მართვადი სარაკეტო გამანადგურებელი „დონალდ კუკი“ აშშ-ის მეექვსე ფლოტის ოპერაციების სამოქმედო არეალში სხვადასხვა მისიაში მონაწილეობს და ხელს უწყობს შავი ზღვის რეგიონის საზღვაო უსაფრთხოების დაცვასა და ნატოს ოპერაციებისა და მისიების მხარდაჭერას.
„დონალდ კუკი“ საქართველოს ტერიტორიულ წყლებს ხვალ, 6 თებერვალს, საქართველოს სანაპირო დაცვასთან ერთად დაგეგმილი სწავლების დასრულების შემდგომ დატოვებს.
ამერიკული გემები, მათ შორის, „დონალდ კუკი“ შავ ზღვაში რეგულარულად პატრულირებენ ნატოელი მოკავშირეების და პარტნიორების - თურქეთის, უკრაინის, ბულგარეთის, რუმინეთისა და საქართველოს მხარდასაჭერად.
ბოლო წლების განმავლობაში „დონალდ კუკი“ ბათუმის პორტში რამდენჯერმე იმყოფებოდა.