მელია: „იმედის" ეთერში ტელემარათონი გამართეთ - „ნიკა მელიას გირაოს თანხის ასაგროვებლად“
მმართველ პარტიას ირონიულად მიმართავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია, რომელიც არ აპირებს მისთვის გირაოს სახით შეფარდებული თანხის გადახდას.
„მივმართავ „ქართულ ოცნებას“ - ერთადერთი გამოსავალი გაქვთ. თქვენ თვითონ, ცხადია, ვერ მიაგნებთ, ამიტომ ისევ მე გეტყვით: „იმედის“ ეთერში ტელემარათონი გამართეთ - „ნიკა მელიას გირაოს თანხის ასაგროვებლად“
სხვა გამოსავალი მართლა არ გაქვთ, წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა აღიაროთ რომ ბოლომდე უსუსურები ხართ!
პ.ს. მარათონის დასაქოქად პირველი შენატანები ოცნების დეპუტატებმა შეიტანონ, ლაშა ნაცვლიშვილსაც გააგებინეთ, ეგ თუ არა, მასში არსებული ბიძინა მაინც გაიღებს თანხას“, - წერს „ფეისბუკზე“ მელია.
პარტიის ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე ნიკა მელიამ განაცხადა: „არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ“.
პროკურატურის თანახმად, ბრალდებულმა გირაოს თანხა, 40 000 ლარი, სასამართლოს მიერ დაწესებულ ვადაში, 2020 წლის 24 დეკემბრამდე არ გადაიხადა და ასევე, გირაო არ უზრუნველყო თანხის ეკვივალენტური უძრავი ქონებით. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, მელიასთან გაფორმდება ოქმი, რომლითაც თანხის გადასახდელად მიეცემა დამატებით ერთკვირიანი ვადა და განემარტება, რომ გადაუხდელობის შემთხვევაში, ბრალდების მხარე სასამართლოს მიმართავს გირაოს პატიმრობით შეცვლის თაობაზე.
ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით.
2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო - 30 000 ლარი და ელექტრონული მონიტორინგი. 2020 წლის 1 ნოემბერს, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიამ საჯაროდ მოიხსნა ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური.