ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერებმა იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს
![ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერებმა იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს](https://gdb.rferl.org/fdd163c7-0356-432c-b7f4-12bfcead0fbb_w800_h450.jpg)
იუსტიციის სახლთან შეკრებილმა მორაგბეებმა გადაწყვიტეს აღარ დაელოდონ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სხდომის დასრულებას, შედეგი დისტანციურად შეიტყონ და ამის მიხედვით იმოქმედონ. ვეტერან და მოქმედ სპორტსმენებსა და მწვრთნელებს დაშლისკენ რაგბის კავშირის ახალი გამგეობის წევრმა, ვეტერანმა მორაგბემ, ბობა კვინიხიძემ, მოუწოდა.
„რაგბის კავშირის საკითხზე საუბარს ირაკლი აბუსერიძე და გოჩა სვანიძეც ესწრებიან. მათთან პირდაპირ კავშირზე ვარ და უკვე ზუსტად ვიცი, რომ სხდომა გვიან საღამომდე არ დასრულდება. ამიტომ გადავწყვიტეთ შედეგს აქ აღარ დაველოდოთ. ვნახოთ, რა დასკვნას დადებს რეესტრი. სამართლიანი გადაწყვეტილების დიდი იმედი არ მაქვს. სავარაუდოდ, რაგბის კავშირის მიერ წარდგენილ დოკუმენტებს ისევ დაახარვეზებენ. თუ ასე იქნება და რაგბის კავშირის კანონიერი პრეზიდენტის წინააღმდეგ ბრძოლა წესების გარეშე გაგრძელდება, ჩვენც ვაჩვენებთ, რა შეგვიძლია. რა თქმა უნდა, გვაქვს სათადარიგო გეგმაც და, რაც მთავარია, სიმართლე ჩვენს მხარესაა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ბობა კვინიხიძემ.
საქართველოს რაგბის კავშირში ბოლო ყრილობა და საპრეზიდენტო არჩევნები 30 დეკემბერს გაიმართა და მასზე, ხმის უფლების მქონე დელეგატთა უმრავლესობამ მხარი საქართველოს ნაკრების ყოფილ კაპიტანს, ირაკლი აბუსერიძეს, დაუჭირა. არჩევნებიდან ერთ კვირაში გაირკვა, რომ საჯარო რეესტრმა ოქმი რეგისტრაციაში არ გაატარა, რადგან ჩათვალა, რომ ყრილობა წესების დარღვევით ჩატარდა. აბუსერიძემ ეს გადაწყვეტილება 22 იანვარს გაასაჩივრა. რეესტრი საჩივარს დღეს განიხილავს, საბოლოო დასკვნა კი 21 თებერვლამდე უნდა გამოაქვეყნოს.