გვარამიას საქმის მოსამართლე: ვერ დამიდასტურებთ, რომ სასამართლო პოლიტიკური კონტექსტით მონაწილეობს
"მთავარი არხის" დირექტორისა და მეწილის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის თქმით, ვერ დადასტურდება, რომ სასამართლო რაიმე ფორმით პოლიტიკური კონტექსტით მონაწილეობს ამ საქმეში. ამ საკითხზე მოსამართლემ სხდომათა დარბაზში სხდომის მიმდინარეობის დროს განაცხადა.
"მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ აღნიშნული პროცესი გავათავისუფლოთ პოლიტიკური შეფასებისგან, კონტექსტებისგან და აქცენტირებული ვიყო იმ საკითხების განხილვაზე, რასაც მხარე წარმოადგენს. ჩვენ ამ მტკიცებულებების შეფასება დაგვიდასტურებს ან უარყოფს იმ ეჭვს, რამდენად მყარია ბრალდების მხარის პოზიცია და რამდენად მყარია დაცვის მხარის პოზიცია, რომ მას შეიძლება გააჩნდეს გარკვეული მოსაზრებები საქმის პოლიტიკურ კონტექსტთან მიმართებაში", - თქვა მოსამართლემ.
ნიკა გვარამიას თქმით, ამ საქმეს ნამდვილად აქვს პოლიტიკური კონტექსტი და ამის დასტურად მან სხდომის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე ყოფილი მინისტრისა და ახლა უკვე პარლამენტის წევრისგან, თეა წულუკიანისგან საჯაროდ მისი ნომრის გამოცხადება დაასახელა.
"ახლა მე აგიხსნით პოლიტიკურ კონტექსტს. ნახევარი საათით, ერთი საათით ადრე, ვიდრე ეს სხდომა იქნებოდა, ღია ეთერში ყოფილმა მინისტრმა, [არ ისმის სიტყვა] ყოფილმა უფროსმა, ახლანდელმა დეპუტატმა თეა წულუკიანმა და პირდაპირ დევნა უთხრა "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს ჩემთან მიმართებაში და გამოაცხადა, რომ მე ვითომ, არ ვუშვებ ოპოზიციას პარლამენტში... ეს პირადი ინფორმაციის გამოქვეყნებაა და პირადი დევნაა... პოლიტიკური კონტექსტი არათუ მოიხსნა, გაძლიერდა... მე ბევრჯერ მითქვამს, ნორმალურ ქვეყანაში თქვენ იქნებოდით თითით საჩვენებელი მოსამართლე თქვენი გონებრივი უნარების და შესაძლებლობების გამო", - თქვა გვარამიამ.
ნომრის საჯარო სივრცეში გასაჯაროებას მოსამართლემ ძალიან სამწუხარო ფაქტი უწოდა და თქვა:
"ჩემი შეფასებით, ძალიან სამწუხაროა [ნომრის გასაჯაროება]. ძალიან შორს ვარ რაღაც ტიპის პოლიტიკური პროცესებისგან და ამაში დაგარწმუნებთ ჩემი მონაწილეობა მოცემული საქმის განხილვაში".
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას საქმის განხილვა განახლდა. საუბარია "რუსთავის 2"-ის დირექტორობის დროს არხის ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებების მიღებაზე. გვარამია და ოპოზიცია ამ საქმეს პოლიტიკური პროცესისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის ნაწილად აღიქვამენ.