მოზარდი დაშავდა ზუგდიდში დევნილთა დასახლებაში შენობის ჩამონგრევის შედეგად
ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე, დევნილთა დასახლების შენობის ნაწილი ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად დაშავდა მოზარდი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების შეფასებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მას უტარდება გამოკვლევები.
ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, ობიექტი ავარიული იყო. დევნილები შენობიდან დეკემბერში გაიყვანეს, თუმცა, იქ, ამ დრომდე რჩებოდა ერთი ოჯახი. ადგილობრივების თქმით, ნგრევისას მოზარდი შენობაში მარტო იმყოფებოდა.
ზუგდიდის მერის მოადგილის, გიგა ფარულავას განცხადებით, შენობაში დეკემბრამდე ცხოვრობდა 5 ოჯახი, ისინი ახალი საცხოვრებლით დაკმაყოფილდნენ, დარჩენილი ერთი ოჯახი კი ახალ საცხოვრებელს ელოდება.
ზუგდიდის მერის, გიორგი შენგელაიას განცხადებით, ოჯახი უახლოეს დღეებში მიიღებს სახლს დევნილთა სამინისტროს პროგრამის "სოფლად სახლის" ფარგლებში, მანამდე კი ისინი უზრუნველყოფილი იქნებიან საცხოვრებლით.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მაშველებმა დაშავებული ბავშვი, 10 წლის გოგო, ნანგრევებიდან უმოკლეს დროში ამოიყვანეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მიერ ის გადაყვანილია კლინიკაში, სადაც უტარდება შესაბამისი დახმარება.