მთიან ყარაბაღში მოქმედებას იწყებს თურქეთისა და რუსეთის ერთობლივი სამეთვალყურეო ცენტრი
30 იანვარს მთიან ყარაბაღში მოქმედებას იწყებს თურქეთისა და რუსეთის ერთობლივი სამეთვალყურეო ცენტრი.
თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა 29 იანვარს გამოაცხადა, რომ ცენტრში თურქეთის ერთი გენერალი და 38 ოფიცერი იმუშავებს. ადრე თურქეთის ხელისუფლებამ თქვა, რომ სამეთვალყურეო ცენტრი განლაგებული იქნება აზერბაიჯანის აღდამის რეგიონში, რომელიც აზერბაიჯანმა სომხეთის ძალებისგან დაიბრუნა ექვსკვირიანი ბრძოლების შედეგად. საზავო შეთანხმების მონიტორინგისთვის დრონებსაც გამოიყენებენ.
თურქეთი და რუსეთი ერთობლივი სამეთვალყურეო ცენტრის შექმნის შესახებ შეთანხმდნენ მას შემდეგ, რაც ნოემბერში მოსკოვის შუამავლობით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ხელი მოეწერა საზავო შეთანხმებას. თურქეთი ამ კონფლიქტში აზერბაიჯანის მნიშვნელოვანი მოკავშირე იყო.
საზავო შეთანხმებით, მთიანი ყარაბაღის მოზრდილი ნაწილი და სეპარატისტული რეგიონის გარშემო მდებარე შვიდი რაიონი აზერბაიჯანის კონტროლს დაექვემდებარა. მანამდე ამ ტერიტორიებს თითქმის 30 წლის განმავლობაში აკონტროლებდა სომხეთი.
რეგიონში რუსეთის 2000-კაციანი სამშვიდობო კონტინგენტია განლაგებული ფრონტის ხაზის გასწვრივ, რათა დაიცვას მთიანი ყარაბაღისა და სომხეთის დამაკავშირებელი სახმელეთო დერეფანი.