EMC მოუწოდებს შრომის ინსპექციას, დაიწყოს „გლოვოს“ კურიერების შრომის პირობების შესწავლა
„ადამიანის უფლებებისა და სწავლების მონიტორინგის ცენტრი (EMC)“ სოლიდარობას უცხადებს „გლოვოს“ კურიერებს და მოუწოდებს შრომის ინსპექციას, დაუყოვნებლივ დაიწყოს ინსპექტირება „გლოვოს“ კურიერების შრომითი უფლებების დაცვის მიზნით.
EMC განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, რომ მიტანის სერვისში დასაქმებული ადამიანები პანდემიის დროს საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანეს ფუნქციას ხშირად საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკის ფასად ასრულებენ. და დაუშვებელია, რომ საკვანძოდ მნიშვნელოვანი შრომის სათანადო ანაზღაურების და დაფასების ნაცვლად, პანდემიის დროს კომპანიამ გააუარესოს შრომის პირობები:
„მძიმე სამუშაო პირობებს თან ახლავს კომპანიის მხრიდან მათ მიმართ არასათანადო, ღირსების შემლახავი დამოკიდებულება, გამომუშავებაზე მიბმული სამუშაო პრაქტიკის სირთულეები და პანდემიის გამო გაზრდილი უსაფრთხოების რისკები. „გლოვო“-ს კურიერები ითხოვენ სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, მათ შორის, რესტორნებთან/ობიექტებზე შეკვეთის ლოდინის დროის შემცირებას, ანაზღაურების ტარიფის ზრდას და ბონუსების არარეალისტური და უსამართლო სისტემის შეცვლას. EMC მხარდაჭერას უცხადებს „გლოვო“-ს კურიერებს და მზადაა, დახმარება აღმოუჩინოს შრომითი უფლებების დაცვის პროცესში“, - ნათქვამია განცხადებაში.
29 იანვარს, თბილისში „გლოვოს“ კურიერების საპროტესტო შეკრება გაიმართა. მათ სამუშაო პირობების გაუარესება გააპროტესტეს.
რამდენიმე ხანში, კურიერების პროტესტს გამოეხმაურა კომპანიის ადმინისტრაცია. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომპანია პროტესტში მონაწილე პარტნიორი კურიერებისგან ელოდება კონკრეტულ მოთხოვნებს, რომ შეძლოს მათთან ყველა დეტალზე საუბარი და კონსტრუქციული გამოსავლის პოვნა.