Bellingcat-ი რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოს ორი ყოფილი თანამშრომლის სიკვდილს იძიებს
დამოუკიდებელი საგამოძიებო ჯგუფი Bellingcat-ის თანამშრომელმა ტელეარხ „დოჟდს“ მოუთხრო რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოს (RUSADA) ორი ყოფილი თანამშრომლის სიკვდილის ზოგიერთი გარემოების შესახებ. ამ საქმის შესახებ იუწყება Deutsche Welle.
2016 წლის დამდეგს, 3 თებერვალსა და 14 თებერვალს, ანუ ათი დღის სხვაობით, რუსეთში გარდაიცვალნენ RUSADA-ს აღმასრულებელი კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ვიაჩესლავ სინევი და სააგენტოს ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ნიკიტა კამაევი.
2015 წლის ნოემბერში საერთაშორისო ანტისადოპინგო სააგენტომ (WADA) გამოაქვეყნა გამოძიების შედეგები, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ რუსეთში არსებობს დოპინგის მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან. მაშინვე, 2015 წლის ნოემბერში, WADA-მ რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოს აკრედიტაცია ჩამოართვა გამოქვეყნებული მასალების გამო. ერთი თვის შემდეგ RUSADA-ს ხელმძღვანელობა გადადგა, მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიის დირექტორი გრიგორი როდჩენკოვი კი სამუშაოს ჩამოაშორეს და მან 2016 წლის იანვარში დატოვა რუსეთი, ნახსენებია პუბლიკაციაში.
2017 წლის სექტემბერში როდჩენკოვმა გაზეთ The New York Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ რუსეთიდან მისი წასვლის მიზეზი გახდა რუსეთის მთავრობაში მომუშავე ნაცნობისგან მიღებული გაფრთხილება, რომ თითქოს მზადდებოდა როდჩენკოვის „თვითმკვლელობა“.