თალაკვაძის თქმით, პარტია „მოქალაქეებთან“ მოლაპარაკებები პოზიტიური შედეგით დასრულდა
პარტია „მოქალაქეების" ლიდერებთან, ალექსანდრე ელისაშვილსა და ლევან იოსელიანთან გამართული მოლაპარაკების შედეგი გააცნო მედიას პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ. როგორც სპიკერი ამბობს, პარლამენტში გამართული შეხვედრა დადებითი შედეგით დასრულდა.
„გვქონდა მოლაპარაკებები პარტია „მოქალაქეებთან“, რომელიც დღეს პოზიტიური შედეგით დასრულდა - გავაფორმეთ დოკუმენტი, სადაც ასახულია ჩვენ მიერ საჯაროდ გაცხადებული პირობა საარჩევნო რეფორმის შემდეგ ეტაპზე. ეს რეფორმა ეუთო/ODIHR-ის რეკომენდაციების გათვალისწინებით ჩატარდება. დოკუმენტი ღიაა სხვა ოპოზიციური პარტიებისთვისაც და შეუძლიათ შეთანხმებას მათაც მოაწერონ ხელი და პარლამენტში შემოვიდნენ“,- თქვა თალაკვაძემ შეხვედრის შემდეგ.
ალექსანდრე ელისაშვილმა თქვა, რომ მისმა პარტიამ „ქართულ ოცნებასთან" ხელშეკრულება გააფორმა და საპარლამენტო საქმიანობას დაიწყებენ.
ცნობილია, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის 51 დეპუტატისთვის მანდატების შეწყვეტაზე 2 თებერვალს იმსჯელებენ.
ამ დროისთვის დეპუტატის უფლებამოსილება „პატრიოტთა ალიანსის“ სამ წევრს - ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძეს შეუწყვიტეს. იმის გამო, რომ პარტიას ცესკოსთვის დარჩენილი სიის გაბათილების მოთხოვნით არ მიუმართავს, პარლამენტის წევრები გახდნენ მათი ადგილმონაცვლეები: ფრიდონ ინჯია, დავით ზილფიმიანი და გელა მიქაძე. სიის მე-4 ნომერმა, ავთანდილ ენუქიძემ კი დეპუტატის მანდატი შეინარჩუნა.
„გირჩის“ პარტიული სიით არჩეული დეპუტატებიდან კი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დატოვების შესახებ განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარეს ჯერჯერობით მხოლოდ ზურაბ ჯაფარიძემ მიმართა. დანარჩენი პოლიტიკოსები „გირჩის" სიიდან კი აცხადებენ, რომ თუკი პარლამენტში არ იქნება საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საკმარისი დეპუტატების რაოდენობა, არც თავად აპირებენ მასში შესვლას.