პესკოვის თქმით, ნავალნის მხარდამჭერ აქციებზე ცოტა ხალხი გამოვიდა
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის თქმით, ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციებზე, რომლებიც 23 იანვარს გაიმართა რუსეთის ასზე მეტ ქალაქში, ცოტა ხალხი გამოვიდა.
„ახლა ბევრი იტყვის, რომ უკანონო აქციაზე ბევრი ხალხი გამოვიდა. არა, ცოტა ხალხი გამოვიდა, ბევრი ხალხი პუტინს აძლევს ხმას. ბევრმა ხალხმა საკონსტიტუციო შესწორებებს მისცა ხმა. თუკი შევადარებთ ციფრებს, მიხვდებით, რამდენად მცირერიცხოვანია ეს ხალხი“, თქვა პესკოვმა „როსია-1“-ის ეთერში.
სხვადასხვა შეფასებით, საპროტესტო აქციებში, რომლებიც არ იყო ხელისუფლებასთან შეთანხმებული, მონაწილეობა მიიღო 100 ათასზე მეტმა ადამიანმა. დაახლოებით 3500 ადამიანი დააკავეს - ეს სარეკორდო მაჩვენებლებია რუსეთის უახლეს ისტორიაში.
ვლადიმირ პუტინსა და საკონსტიტუციო ცვლილებებს, ოფიციალური მონაცემებით, ათეულობით მილიონმა ადამიანმა მისცა ხმა. ნავალნის მომხრეები, რომლებიც სოცქსელებში პასუხს სცემენ პესკოვის განცხადებას, ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ თავად ნავალნი 2018 წლის არჩევნებზე არ იქნა დაშვებული, არჩევნები კი დარღვევებით ჩატარდა და, მრავალი ცნობის თანახმად, გაყალბებული იყო.
პესკოვმა კვლავ უარყოფითი პასუხი გასცა შეკითხვას, ეკუთვნის თუ არა კურორტ გელენჯიკის მახლობლად მდებარე „სასახლე“ ვლადიმირ პუტინს, რასაც ამტკიცებს თავის გამოძიებაში ალექსეი ნავალნი. ამ თემისთვის მიძღვნილი ნავალნის ფილმი YouTube-ში 75 მილიონმა ადამიანმა ნახა. „ეს არ შეესაბამება სიმართლეს, ეს წმინდა წყლის ტყუილია“, თქვა პესკოვმა.
ის, თუ ვინ არის ობიექტის მფლობელი, რატომ აფინანსებდნენ მის მშენებლობას სახელმწიფო კორპორაციები და პრეზიდენტთან დაახლოებული ბიზნესმენები, რატომ დაწესდა მის თავზე ფრენისთვის აკრძალული ზონა - პესკოვისთვის არ უკითხავთ.