"ქალთა ციხეში" მსჯავრდებულებს კორონავირუსი დაუდგინდათ
#5 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც ქალი მსჯავრდებულები არიან, 23 პატიმარს კორონავირუსი დაუდგინდა. პენიტენციური სამსახური გავრცელებულ განცხადებაში არ განმარტავს, როგორ დაინფიცირდნენ მსჯავრდებულები.
"არც ერთ მათგანს Covid-19-ისთვის დამახასიათებელი არანაირი სიმპტომი არ აქვს, თავს კარგად გრძნობენ და შესაბამისად, ისინი დაწესებულების დანარჩენი კონტიგენტისგან იზოლირებულად, დაწესებულების საკარანტინო სივრცეში არიან მოთავსებულები და მედპერსონალის დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან", - ვკითხულობთ განცხადებაში.
აქვე აღნიშნულია, რომ სხვა პატიმრებისგან იზოლირებულად არიან მოთავსებულები ინფიცირებულ პირებთან კონტაქტში მყოფი პატიმრები, რომელთა ტესტების პასუხები უარყოფითი იყო.
დაწესებულებაში სულ 329 მსჯავრდებულია. რადიო თავისუფლება პენიტენციური სამსახურისგან ელოდება პასუხს დაწესებულებაში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით.
თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 232 079 შემთხვევა.