ცესკო "ქართული ოცნების" სააგიტაციო მასალის გაზიარებისთვის კასპის საკრებულოს დაჯარიმებას ითხოვს
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიჩნია, რომ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულომ "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის დროს ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენა. ამ მიზეზით ცესკომ საკრებულოს 2 000-ლარიანი საჯარიმო ოქმი გამოწერა და სასამართლოს მიმართა.
თავდაპირველად ცესკოს "სამართლიანმა არჩევნებმა" მიმართა და აცნობა, რომ 4 სექტემბერს "კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს" ფეისბუკგვერდზე "ქართული ოცნების" ფეისბუქგვერდიდან სააგიტაციო მასალა გააზიარა, რომელიც კასპში კოლეჯისა და ინოვაციების ცენტრის მშენებლობის შესახებ ინფორმაციას შეიცავდა. პოსტს თან ერთვოდა პარტიის სლოგანი #ერთადსაქართველოსწარმატებისთვის და ფოტომასალაზე პარტიის ლიდერები იყვნენ ასახული.
კასპის მუნიციპალიტეტიდან ცესკოს წერილობით აცნობეს, რომ პოსტები, მათი შეფასებით, არ შეიცავდა წინასაარჩევნო აგიტაციასა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნებს, ფოტომასალის გამოყენება კი ასე ახსნეს:
"გაზიარებული სტატუსი შეიცავდა ფოტოსურათებს, რომელიც მნიშვნელოვანი იყო კასპის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინფორმირებისთვის, რათა ცნობილი ყოფილიყო განხორციელებული პროექტების თაობაზე და აღნიშნული ფოტომასალა კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არ გააჩნდა და ამიტომ მოხდა გაზიარება".