ელისაშვილის თქმით, ივანიშვილმა მისი რეიტინგის ზრდა დაინახა და იპოდრომის ტერიტორია მერიას აჩუქა
საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ მისი გააქტიურებით სახელისუფლებო კანდიდატს, დავით სერგეენკოს რეიტინგი უმცირდება და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა "ქართული ოცნების" დამფუძნებელმა თბილისის მერიისთვის იპოდრომის ტერიტორიის ჩუქება. ასე გამოეხმაურა ელისაშვილი ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას და რჩევები მისცა მთაწმინდის ოპოზიციურ კანდიდატებს.
"ოპოზიციის კანდიდატები ცოტა კიდევ უფრო თუ იყოჩაღებენ მთაწმინდაზე და უფრო თუ დაფაცურდებიან და შესაბამისად, იქაურ "ქართული ოცნების" კანდიდატს რეიტინგი ჩამოუვა ქვემოთ, მაშინ ლაგუნა ვერესაც აჩუქებს ქალაქს. ეს არის ორჯერ ორი ოთხი. ჩვენ რომ აქ არ ვჩერდებით და მთელ საბურთალოს მოდებულები რომ ვართ და უამრავ ხალხს რომ ვხვდებით და ხალხის მხარში რომ ვდგავართ და ხალხის მხარდაჭერა დაინახა ჩვენ მიმართ "ქართულმა ოცნებამ" იმიტომ გააკეთეს ეს", - განაცხადა ელისაშვილმა.
თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი და ფონდი „ქართუ“ ყოფილი იპოდრომის ტერიტორიას მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადასცემს და იქ „ქართუს“ დახმარებით გაშენდება თბილისის ცენტრალური პარკი. ამის შესახებ მან დღეს, 5 ოქტომბერს ისაუბრა.
კალაძის განცხადებით, პარკის მშენებლობა რამდენიმე ათეული მილიონი დაჯდება და პროექტი, რომელზეც ჰოლანდიური კომპანია მუშაობს, თითქმის დასრულებულია. მერის ინფორმაციით, უახლოეს ხანში გამოცხადდება მშენებლობის დაწყების თარიღი, პარკი კი, სამ წელიწადში აშენდება.