"მედუზამ" გამოაქვეყნა "კურსკის" შესახებ პუტინისა და კლინტონის საუბრის თარგმანი
გამოცემა "მედუზამ" ორშაბათს გამოაქვეყნა თარგმანი იმ სტენოგრამული ჩანაწერების ნაწილისა, რომლებიც ასახავს აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ ბილ კლინტონს და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის 2000 წლის 6 სექტემბერს, ნიუ-იორკში გამართულ საუბარს. სხვა თემებს შორის, შეხვედრაზე განიხილავენ რუსეთის წყალქვეშა ხომალდის, "კურსკის" დაღუპვის ფაქტს.
"მედუზა" ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ბილ კლინტონის ციფრული ბიბლიოთეკის საიტზე ჯერ კიდევ შარშან გამოქვეყნდა სტენოგრამული ჩანაწერები, რომლებიც ასახავს აშშ-ის პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლების სატელეფონო და პირად საუბრებს ვლადიმირ პუტინთან. დოკუმენტები დათარიღებულია 1999-2001 წლებით, როცა პუტინი, შესაბამისად, მუშაობდა ეფესბეს დირექტორის, რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის, მთავრობის ხელმძღვანელის, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის და ბოლოს უკვე პრეზიდენტის თანამდებობებზე.
პრეზიდენტების საუბარი იწყება იმით, რომ კლინტონი პუტინს უსამძიმრებს და ეუბნება, რომ ტრაგედიის დღეებში საკუთარ თავს პუტინის ადგილას წარმოიდგენდა. "თქვენ, ალბათ, ბევრ კრიტიკასთან მოგიწიათ შეჯახება" - ვარაუდობს ის. რუსეთის პრეზიდენტი პასუხობს: "მე არ მქონდა კარგი არჩევანი. მახეში აღმოვჩნდი ცუდ და უარეს ვარიანტებს შორის. მეუბნებოდნენ, მაშინვე თუ ჩავუშვებდი იქ მცირე ზომის წყალქვეშა ნავს და ბიჭების გადარჩენას შევეცდებოდი მაინც, ჩემი რეიტინგი გაიზრდებოდა. ასეთი რაღაცის პიარის გამო გაკეთება არ შეიძლება. პრიორიტეტი ადამიანების რეალური გადარჩენა უნდა იყოს".
შემდეგ პუტინი კიდევ ერთხელ უბრუნდება თავისი რეიტინგის საკითხს: "რაც უნდა უცნაური იყოს, შემდგომმა გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ამ ინციდენტს არ უმოქმედია ჩემს მდგომარეობაზე. მაგრამ ძალიან ვშიშობ, რომ რაღაც მსგავსი კიდევ შეიძლება განმეორდეს".
კლინტონი პასუხად ამბობს, რომ ბოლო დროს სხვადასხვა ქვეყნის ადამიანები უფრო ადამიანურად ეპყრობიან ერთმანეთს: "თუ მოსკოვში შენობა აფეთქდება, ეს თითქოს ჩვენი ნათესავების თავს ხდება". და იქვე აღნიშნავს: "ზოგჯერ ლიდერისთვის რთულია სწორად მოიქცეს, ყველა ამ მძაფრი განცდის გამო".
პუტინი პასუხად ამბობს შემდეგს: "ჩვენ უძალოდ ვგრძნობდით თავს ამ კატასტროფის დროს. ახლა ისე ჩანს, რომ მთელი ეკიპაჟი დაიღუპა 60 თუ 90 წამის განმავლობაში. ნათესავებს ეს ვერ ვუთხარით, მაგრამ კორპუსში იყო ხვრელი, დაახლოებით ორი მეტრის ზომის, საიდანაც წყალქვეშა ხომალდის პირველი სამი ნაწილი დაიტბორა. ისიც კი არ ვიცი როგორ შევძლებთ იქიდან გვამების გამოტანას. იმ წყლებში ბევრი ვირთევზაა და შესაძლოა ძვლებზე ხორციც აღარ დარჩეს. ვეცადეთ ეს მითქმა-მოთქმა შეგვეჩერებინა, მაგრამ ზოგი ადამიანი უცნაურია და ისინი უბრალოდ განაგრძობდნენ მის გაძლიერებას. ეს უბრალოდ ცხოვრებისეული ფაქტია".
"კურსკის" დაღუპვის მიზეზებს პრეზიდენტები არ განიხილავენ.
„კურსკი“ 2000 წლის 12 აგვისტოს ჩაიძირა ბარენცის ზღვაში სასწავლო მანევრების დროს. ოფიციალური მონაცემებით, „კურსკი“ დაიღუპა სასწავლო იერიშისთვის მზადების პროცესში ტორპედოს აფეთქების გამო. ნავში 118 მეზღვაური იმყოფებოდა. 21 აგვისტოს მაშველებმა ლუკის გახსნა შეძლეს. ერთი წლის შემდეგ წყალქვეშა ნავი ზედაპირზე ამოიტანეს.
ახლა უკვე ცნობილია, რომ აფეთქების პირველ მომენტებში "კურსკის" მთელი ეკიპაჟი არ დაღუპულა და მეზღვაურთა ნაწილი კიდევ რამდენიმე საათის განმავლობაში ცოცხალი იყო.
მაშინ პუტინი ბევრმა გააკრიტიკა კატასტროფის შემდეგ მისი ქმედებების გამო. წყალქვეშა ხომალდი 12 აგვისტოს ჩაიძირა, მან კი სოჭში შვებულება მხოლოდ 18 აგვისტოს შეწყვიტა. ხელისუფლებამ უკვე 14 აგვისტოს იცოდა, რომ მთელი ეკიპაჟი მკვდარი იყო, თუმცა პუტინი 16 აგვისტოს აცხადებდა, მეზღვაურები "ველაფერს აკეთებენ ეკიპაჟის გადასარჩენადო". ის, რომ ადამიანების გადარჩენა აღარ იყო რეალისტური, პუტინმა "კურსკის" მეზღვაურების ნათესავებთან შეხვედრაზე აღიარა 22 აგვისტოს, თუმცა ეს შეხვედრა არ იყო საჯარო.
"ლევადა ცენტრის" გამოკითხვებით, პუტინის რეიტინგი გარკვეულწილად მართლაც დაეცა "კურსკის" კატასტროფის შემდეგ, თუმცა შემდეგ მან კვლავ ზრდა დაიწყო.