თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი მოკლეს, ბრალდებული პოლიციის უფროსის მოადგილეა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში მკვლელობა მოხდა. თელავის კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილე, ვ.ზ.- მ თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორს, ზურაბ საჩიაშვილს, ცეცხლსასროლი იარაღიდან სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.
ურთიერთშელაპარაკება ერთ- ერთ ოჯახში სუფრაზე დაიწყო, რომელიც ქუჩაში გაგრძელდა. გავრცელებული ინფორმაციით იყო ორმხრივი სროლა, რა დროსაც ხელის არეში დაიჭრა თელავის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი ლევან ბერძენაშვილი.
პროკურატურამ კახეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე ვ.ზ. შემთხვევის ადგილზე ბრალდებულის სახით დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.