“ნაციონალურმა მოძრაობამ” და “ევროპულმა საქართველომ” ვერ გაბედეს იმის გაკეთება, რაც გააკეთა “ქართულმა ოცნებამ”
“ნაციონალურმა მოძრაობამ” და “ევროპულმა საქართველომ” ვერ გაბედეს იმის გაკეთება, რაც გააკეთა “ქართულმა ოცნებამ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებს საარჩევნო სისტემის ცვლილების პრეზენტაციაზე განუცხადა.
მისი თქმით, საქართველოს უახლესი ისტორიის მანძილზე ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ხელისუფლებამ სასტარტო უპირატესობაზე თვითონ თქვა უარი.
“საქართველოს უახლესი ისტორიის მანძილზე, ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ხელისუფლებამ თვითონ მიიღო გადაწყვეტილებაზე და სასტარტო უპირატესობაზე თქვა უარი. მე ვგულისხმობ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ნულოვანი ბარიერით, რაც გულისხმობს იმას, რომ პარლამენტი იქნება ბევრად უფრო პლურალისტური, ვიდრე ახლა. ეს არის საზოგადოების დაკვეთა და დღევანდელი პოლიტიკური აზროვნების შედეგი.
ოპოზიციური სპექტრის დღის წესრიგში ყოველთვის იყო ხელისუფლების მიღწევების ნეგატიური კუთხით წარმართვა, რაც გასაკვირი არ არის. “ნაციონალურ მოძრაობას” და “ევროპულ საქართველოს”, რომლებიც ერთი პოლიტიკური ძალაა, არაერთგზის ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ ეს ნაბიჯი გადაედგათ, მაგრამ მათ ვერ გაბედეს იმის გაკეთება, რაც გააკეთა “ქართულმა ოცნებამ”. შემდგომი არჩევნები აუცილებლად ჩატარდება პროპორციული სისტემით,”- განაცხადა მათიკაშვილმა.