საპროტესტო ტალღა არ განელდება, მივაღწევთ გახარიას გადადგომას – ოპოზიცია ამბობს, რომ “ქართულმა ოცნებამ” პოლიტიკური რესურსი ამოწურა
შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნით, რუსთაველის გამზირზე პროტესტი გრძელდება. პარლამენტის შენობასთან შეკრებილი ახალგაზრდების მსგავსად, მოთხოვნა უცვლელია ოპოზიციისთვისაც.
ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ საპროტესტო ტალღა არ განელდება, მანამ, სანამ მთავრობა საკუთარ ხალხს არ მოუსმენს.
„ეს არის ძალიან პრინციპული ახალგაზრდობის აქცია, რომელსაც მხარს ვუჭერთ ჩვენ პოლიტიკოსებიც. რეალურად ეს არის წყალგამყოფი, ამიტომ მოუწევს გახარიას წასვლა და ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრhმა ადამიანმა დაინახა რა მძიმე მდგომარეობა ჩვენს ქვეყანაში, ოლიგარქის, არაფორმალური მმართველობის კუთხით,“-ამბობს ხატია დეკანოიძე.
„ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებაში ყოფნის აღარც მორალური უფლება და აღარც პოლიტიკური რესურსი დარჩა.
„საზოგადოებამ თავის პოზიცია ჩამოაყალიბა, აბსოლუტურად გარდაუვალია, გახარიაზეც არ არის საქმე, ისეთ დარტყმა მიიღო ხელისუფლებამ, ისეთი დანაშაული ჩაიდინა საზოგადოების წინაშე, რომ მათ უბრალოდ არანაირი მორალური უფლება და პოლიტიკური რესურსი აღარ დარჩათ. ამიტომ ჩვენ მივაღწევთ გახარიას გადადგომასაც,“-განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
მმართველ გუნდს წინა ხელისუფლებების გამოცდილებას ახსენებს „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი. ნინო გოგუაძე ამბობს, რომ არც ერთ ხელისუფლებას საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალის გამოყენება არ შერჩენია.
„პროტესტი არ დამთავრდება იმიტომ, რომ ამ ხალხმა არავის, არც ერთ ხელისუფლებას არ აპატია ასეთი დარბევა საკუთარი მოქალაქეების. უმოწყალო ცემა, თვალების დათხრა, ტყვიების სროლა წელს ზემოთ და თავში. ასე რომ ამ პასუხისმგებლობას ეს ხელისუფლება და კონკრეტულად გიორგი გახარია ვერ გაექცევა,“-განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა, ნინო გოგუაძემ.