20 ივნისის ღამეს, ცალკეულ შემთხვევებში უფლებამოსილების გადამეტებას ჰქონდა ადგილი, რა გახდა მიზეზი ეს გამოძიების პრეროგატივაა
20 ივნისის ღამეს, ცალკეულ შემთხვევებში უფლებამოსილების გადამეტებას ჰქონდა ადგილი და რა გახდა ამის მიზეზი ეს გამოძიების პრეროგატივაა- ეს განცხადება, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გააკეთა.
ლევან იზორიას თქმით, საჭიროა საზოგადოება დაელოდოს გამოძიების შედეგებს, რათა დადგინდეს რამ განაპირობა ძალის გადაჭარბებული გამოყენება.
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, შსს და პოლიცია მოქმედებდა იმ ვალდებულების შესაბამისად, რაც კანონით და კონსტიტუციით არის გათვალისწინებული.
„ერთი მხრივ, პოლიცია, შსს და მისი ხელმძღვანელი მოქმედებდა იმ ვალდებულების თანახმად, რა ვალდებულებაც კონსტიტუციით და კანონით არის განსზღვრული. ჰქონდა ასევე ცალკეულ შემთხვევებში, უფლებამოსილებების გადამეტებას ადგილი და თუ რა გახდა ამის მიზეზი და თუ რა გარემოებებში მოხდა ამ უფლებამოსილებების გადამეტება, ეს არის სწორედ გამოძიების პრეროგატივა, რომელმაც ახლო მომავალში უნდა დაადგინოს კონკრეტული გარემოებები,“ – განაცხადა ლევან იზორიამ.
შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დარბევისას 300-მდე ადამიანი დაშავდა. მოქალაქეებმა დამიზნებით სროლის შედეგად მიიღეს სხვადასხვა სახის დაზიანებები – ჭრილობები. ორმა ადამიანმა დაკარგა თვალი. ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება აქციის დარბევისას დაშავებული ორი მოქალაქე.
დაშავებულებს შორის იყვნენ ჟურნალისტები. აქციაზე გამოყენებულ იქნა რამდენიმე ტიპის რეზინის ტყვია, მათ შორის ერთ-ერთი სიცოცხლისთვის საშიში.