საკონსტიტუციო კომისიის პირველი სხდომა - შეთანხმება ამ ეტაპზე არცერთ საკითხზე არ არსებობს
საკონსტიტუციო კომისიის პირველ სხდომაზე კამათი კონსტიტუციის პრეამბულაში ევროატლანტიკური მისწრაფების ჩაწერას მოჰყვა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ქვეყნის მთავარ კანონში სწორედ ამ ფორმულირების დაფიქსირება მოითხოვა.
პრეამბულის შეცვლას ამ ეტაპზე გამორიცხავენ მმართველ გუნდში და კონსტიტუციაში შესატან სხვა ცვლილებებზე საუბრობენ. ქვეყნის ევროპული კურსის კონსტიტუციაში დაფიქსირებას ეწინააღმდეგება პატრიოტთა ალიანსი. დისკუსიისთვის მზად არიან ოპოზიციაში.
ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რის გადაწყვეტაც კომისიის წევრების უმრავლესობას სურს, პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანაა. შეხვედრიდან გამოსული ადა მარშანია ამტკიცებდა, რომ გადაწყვეტილება ამის შესახებ უკვე მიღებულია, თუმცა მმართველმა გუნდმა საკითხის შესახებ რაიმე შეთანხმება უარყო.
შეთანხმება ამ ეტაპზე არცერთ საკითხზე არ არსებობს. საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფების შეხვედრა ყოველი კვირის ბოლოს გაიმართება. საბოლოო წინადადებებს კომისია პარლამენტს განსახილველად აპრილში წარუდგენს.
ავტორი: ნატა მახვილაძე