"ჯანდაცვის ბიუჯეტი გახდა უძირო ქვევრი" - ოთარ კახიძე 2016 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს აკრიტიკებს
დეპუტატები დღეს რიგგარეშე სხდომაზე 2016 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს უყრიან კენჭს. ცვლილებების მიხედვით მიმდინარე წლის ბიუჯეტი 40 მილიონით იზრდება. თანხა ჯანდაცვის პროექტებს მოხმარდება, მათ შორის საყოველთაო დაზღვევას.
„წინასწარ იყო ცნობილი ფინანსთა სამინისტროსთვისაც, პრემიერ-მინისტრისთვისაც, რომ საყოველთაო ჯანდაცვას დასჭირდებოდა 95 მილიონით მეტი. ამის გამო წლის განმავლობაში 35 მილიონი დაემატა სარეზერვო ფონდებიდან, 15 მილიონი გადმოიტანა ჯანდაცვის სამინისტრომ სხვა პროგრამებიდან, სადაც ეკონომია გააკეთა და 40 მილიონი ახალა ემატება ბიუჯეტის სხვა მუხლებიდან,“-განაცხადა აკაკი ზოიძემ.
2016 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების მხარდაჭერას არ აპირებს საპარლამენტო უმცირესობა.
„ეს ცვლილებები არის ასევე უპასუხისმგებლო, მათ ყველა კვარტალი ჯანდაცვის ბიუჯეტის აქვთ გარღვეული. რომ დაიწყეს ეს პროგრამა იქედან მოყოლებული, ეს გახდა უძირო ქვევრი, სადაც აბსოლუტურად არამიზნობრივად ხდება ამ ხარჯების განკარგვა,“-აცხადებს ენმ-ს ერთ-ერთ ლიდერი ოთარ კახიძე.
დღესვე რიგგარეშე სხდომაზე ასევე იმსჯელებენ იმ რამდენიმე კანონპროექტის 6 თვით გადავადებაზე, რომლებიც 2017 წლის პირველი იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო. მათ შორის არის საჯარო სამსახურის შესახებ კანონი.