დემურ სტურუას თვითმკვლელობის საქმეზე ისევ კითხვის ნიშნებია, გამოძიება კი ახალ დეტალებზე არ საუბრობს
22 წლის დემურ სტურუამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შემთხვევა 7 აგვისტოს, სამტრედიის რაიონის სოფელ დაფნარში მოხდა. სტურუამ სუიციდამდე წერილი დაწერა, სადაც ყველას დაემშვიდობა და საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზები განმარტა.
წერილში ახალგაზრდა კაცი თვითმკვლელობამდე მიყვანაში სამტრედიის პოლიციის თანამშრომელს გოდერძი თევზაძეს ღიად ადანაშაულებდა.
გოდერძი თევზაძეს იგივე ბრალდებებს გარდაცვლილის მეგობარი ოლეგ თავაძეც უყენებს. მისი თქმით, ნასამართლეობის მქონე მოქალაქეებს სამართალდამცავები მუდმივად ავიწროვებენ. თანამშრომლობაზე დაყოლიების მოტივით მათზე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას კი სისტემატური ხასიათი აქვს.
უფლებამოსილების გადამეტებისა და პირის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურა იძიებს.
დემურ სტურუას გარდაცვალებიდან ზუსტად ორი კვირა გავიდა. ოჯახი გამოძიების გაჭიანურებაზე საუბრობს და დახმარებას ქვეყნის პრეზიდენტს სთხოვს.
ავტორი: გიორგი გვიშიანი.