კობახიძეების ახალი სკანდალი - ფულის გამოძალვა და ჩაწყობილი საპროცესო გარიგებები
თბილისის საკრებულოს იურიდიული კომისიის ყოფილმა თანამშრომელმა, ბადრი ჯავახიშვილმა საქართველო დატოვა. ჯავახიშვილის თქმით მას შემდეგ, რაც მან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, მანანა კობახიძის ძმა, საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე თედო კობახიძე გამოძალვაში ამხილა, მასზე ზეწოლა დაიწყო, რის გამოც ქვეყნის დატოვების და ევროპაში პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნის გადაწყეტილება მიიღო. საქართველოდან წასვლამდე რამდენიმე საათი ადრე ბადრი ჯავახიშვილმა პოსტსკრიპტუმს ინტერვიუ მისცა და ქართული ოცნების წევრის, თედო კობახიძის მიერ ფულის გამოძალვის შესაძლო ახალ ფაქტთან დაკავშირებით უამბო.
ბადრი ჯავახიშვილმა რუსთავი 2-ს მისი და პარტია ქართული ოცნების ერთ-ერთი იურისტის დავით ბუთხუზის მიმოწერა გადასცა. ჯავახიშვილის მტკიცებით ამ მიმოწერიდან ირკვევა, რომ თედო კობახიძე ხელფასიდან წილს ქართული ოცნების იურიდიული სამსახურის სხვა თანამშრომლებსაც ართმევდა. არსებულ ბრალდებებზე თედო კობახიძე P.S.-თან საუბარს თავს არიდებს.
თბილისის საკრებულოს იურიდიული კომისიის ყოფილი თანამშრომელი, ამავე კომისიის თავმჯდომარე თედო კობახიძეს კიდევ ერთ ბრალდებას უყენებს, რომელიც კობახიძის მიერ პროკურატურაში ჩაწყობილ საქმეებს და ამაში აღებულ ათასობით ლარს ეხება. ბადრი ჯავახიშვილის მტკიცებით, თედო კობახიძე საკუთარ თანამდებობას ბოროტად იყენებდა და მთავარი პროკურორის მოადგილესთან ირაკლი შოთაძეს კონკრეტული პირებისათვის სასჯელის შემსუბუქებას სთხოვდა.
საუბარია პარტია ქართული ოცნების ერთ-ერთი თანამშრომლის, ქრისტინე კიკაბიძის მამაზე. კიკაბიძის მამა ვიქტორ კიკაბიძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა რუსულ აქციზიანი, ძვირადღირებული ალკოჰოლური სასმელების კონტრაბანდული გზით შემოტანის ფაქტზე 2015 წელს დააკავა. ჯავახიშვილის მტკიცებით მის ინტერესებს, თედო კობახიძის საადვოკატო ფირმა იცავდა.
სწორედ ამ დროს კობახიძე რამდენიმეჯერ დაუკავშირდა მთავარი პროკურორის მაშინდელ მოადგილეს და ირაკლი შოთაძეს კიკაბიძისათვის მინიმალურის შეფარდება სთხოვა. კიკაბიძე პატიმრობიდან საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს. ბადრი ჯავახიშვილის მტკიცებით კი ამ მომსახურებაში თედო კობახიძის კომპანიამ 8 000 ლარი მიიღო.
ავტორი: ნოდარ მელაძე.