"ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი, რომელსაც თაღლითობისთვის ბრალი ჰქონდა წაყენებული
ქართული ოცნების გორის მაჟორიტარ კანდიდატს იოსებ მაკრახიძეს სამი თვის წინ პროკურატურამ ბრალი წაუყენა. ბრალდების თანახმად მან, როგორც გზის მშენებელი კომპანიის დირექტორმა, დიდი ოდენობით ბიუჯეტის ფული მიითვისა. საუბარია 79 484 ლარზე, რომლის თაღლითურად დაუფლებაშიც პროკურატურამ მაკრახიძეს ბრალი დასდო.
იოსებ მაკრახიძის საქმის განხილვა გორის სასამართლოში წელს, ივნისში დაიწყო, თუმცა მისმა ადვოკატმა 2012-2016 წლების ამნისტიის კანონით საქმის შეწყვეტა მოითხოვა, რასაც ყველა მხარე დაეთანხმა და მოსამართლე ლევან დარბაიძის განჩინებით, მაკრახიძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა.
სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით იოსებ მაკრახიძე ამჟამად სამი კომპანიის დირექტორია და აქედან ერთის, იბოლიას მეწილეა. მაკრახიძის კომპანია იბოლია ტენდერებში რეგულარულად იმარჯვებს.
ამ კომპანიასთან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებების საერთო ჯამურმა ღირებულებამ თითქმის 90 მილიონი ლარი შეადგინა.
ავტორი: ლაშა კვესელაძე.