კანონდარღვევით დანიშნული მოვალეობის შემსრულებლები და ჩაშლილი კონკურსები მთაწმინდის გამგეობაში
საერთაშორისო გამჭვირვალობის კვლევამ მთაწმინდის რაიონში ხელისუფლების საკადრო პოლიტიკის მანკიერ მხარეები გამოავლინა. ერთ-ერთი მათგანი დროებითი მოვალეობის შემსრულებლების დანიშვნას ეხება. გამგებელმა გელა არჩვაძემ კანონის გვერდის ავლით, 2 წლის განმავლობაში 94-ჯერ დანიშნა დროებითი მოვალეობის შემსრულებელი. მაშინ როცა საქართველოს კანონით დროებითი მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა კონკრეტულ თანამდებობაზე მხოლოდ ერთხელ და ისიც სამი თვის ვადით შეიძლება.
საერთაშორისო გამჭვირვალობა საკადრო კარუსელზეც საუბრობს. გამგებელმა 45 მისთვის მისაღები თანამშრომელი კონკურსის გარეშე 2-ჯერ გადანიშნა სხვადასხვა თანამდებობაზე, მათგან კიდევ 10 მესამედ. საკადრო კარუსელზეც გამგებლისთვის სასურველი პირები ერთმანეთს 3 თვიანი შუალედით ენაცვლებოდნენ.
P.S. - მა თბილისის მერიიდან მთაწმინდის გამგეობაში 2014 წლის სექტემბრიდან დღემდე ჩატარებული საჯარო კონკურსების ოფიციალური დოკუმენტაცია გამოითხოვა, საიდანაც ირკვევა, რომ გასული 2 წლის განმავლობაში გამგეობაში სხვადასხვა დროს კონკურსი 138 ვაკანსიაზე გამოცხადდა, აქედან 74 ვაკანსიაზე კონკურსი ჩაიშალა. ვაკანსიების დასაკავებლად 2029 კონკურსანტი იბრძოდა.
მერიის განმარტებით საკადრო გადაწყვეტილებებში გამგეობა დამოუკიდებელია. კიდევ უფრო მეტი დამოუკიდებლობის ხარისხს კი გამგებლები 2017 წლის პირველი იანვრიდან მიიღებენ, როცა საჯარო სამსახურის შესახებ ახალი კანონი შევა ძალაში. ახალი წესებით ღია კონკურსის მხოლოდ პირველი რანგის ვაკანსიაზე გამოცხადდება. სხვა შემთხვევაში კი ვაკანტური ადგილი შიდა კონკურსის შედეგად უნდა შეივსოს.
ავტორი: მიშა სესიაშვილი.