პროკურატურამ გიორგი პაპუაშვილს გამოცხადების შესახებ შეტყობინება გაუგზავნა
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადების შესახებ შეტყობინება გაუგზავნა. ამის თაობაზე მთავარმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა.
"2016 წლის 21 ივლისს საქართველოს პროკურატურამ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს გაუგზავნა შეტყობინება მისთვის სასურველ დროს პროკურატურაში გამოცხადების შესახებ, მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის განხორციელების ფაქტებზე, მის მიერ გაკეთებული განცხადებების ირგვლივ დეტალური ინფორმაციის მისაღებად.
"გიორგი პაპუაშვილის მიერ დეტალური ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, საქართველოს პროკურატურა მოახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას," - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
გიორგი პაპუაშვილმა დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობს მიზანმიმართული ზეწოლა მოსამართლეებზე.