"შეიძლება ზეწოლის ერთ-ერთი მიზეზი "რუსთავი 2"-ის საქმე იყოს"- არასამთავრობოები პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურებიან
გიორგი პაპუაშვილის სკანდალურ განცხადებას, სადაც ის მოსამართლეებზე მიმდინარე ზეწოლაზე საუბრობს, არასამთავრობო სექტორში ეხმაურებიან. მესამე სექტორში მიაჩნიათ, რომ დაუყონებლივ განცხადების გაკეთების შემდეგ პროკურატურას, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადების საფუძველზე უნდა დაეწყო გამოძიება.
"ძალიან სერიოზულ ბრალდებებზე არის საუბარი. იმედი მაქვს, რომ პროკურატურა დაუყონებლივ დაინტერესდება და გენერალური პროკურორი შეხვდება გიორგი პაპუაშვილს. ჩვენც დავუკავშირდებით გიორგი პაპუაშვილს და შევთავაზებთ შეხვედრას,"- აცხადებს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების კონსულტანტი სამართლებრივ საკითხებში, ნინო ლომჯარია.
ამავე თემაზე ცოტა ხნის წინ განცხადება გაკეთდა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოშიც.
"ნამდვილად საგანგაშოა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე აკეთებს ასეთ განცხადებას. ეს უნდა გამოიძიოს პროკურატურამ, რეაგირება უნდა მოახდინოს ყველა სხვა სამსახურმაც. ქვეყანაში უნდა იყოს განვითარებული დემოკრატია და ჩვენ უარი უნდა ვთქვათ შანტაჟზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს პირად ინფორმაციას ეხება,"- აცხადებს ეკა გიგაური.
თვალთვალში მონაწილე პირების დასჯას და ნაყოფიერი გამოძიების ჩატარებას ითხოვენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში.
"ინფორმაცია, რომელიც პაპუაშვილმა გააჟღერა, კანონმდებლობა ითვალისწინებს დაუყონებლივი გამოძიების დაწყებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თვალთვალში მონაწილე პირების დასჯა ადეკვატურად მოხდეს,"- აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.
სამოქალაქო განვითარების სააგენტოში კი არ გამორიცხავენ, რომ მოსამართლეებზე ზეწოლის ერთ-ერთი მიზეზი რუსთავი 2-ის საქმე იყოს.
"თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ დეტალების გავრცელებისგან თავს იკავებს, მე მგონია მალე უფრო მეტ დეტალს გავიგებთ. შეიძლება ზეწოლის ერთ-ერთი მიზეზი რუსთავი 2-ის საქმე იყოს,"- აცხადებს ზვიად დევდარიანი.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ინსტიტუციური რეფორმების პროგრამის დირექტორი სოფო ვერძეული ფიქრობს, რომ პროკურატურამ მომხდარზე მყისიერი რეაგირება უნდა მოახდინოს და დამნაშავე პირები დასაჯოს.