გამოძიების დაწყება აღიარებითი ჩვენებაა - გიორგი კანდელაკი
სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესიის ფარგლებში ქართული დელეგაცია ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ხვდება. წინასწარი ინფორმაციით, საუბარი შეეხება არა მხოლოდ ორმხრივ ურთიერთობებს, არამედ სტრასბურგის სასამართლოს მიერ, საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრ ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით გამოტანილ გადაწყვეტილებას.
შეკითხვები აღნიშნულ საკითხზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზაფხულის სესიაზე, გუშინ თავისუფალი დებატების ფორმატშიც დაისვა.
ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ფაქტზე პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებაზე კომენტარები გააკეთეს ქართული დელეგაციის წევრებმა.
ნაციონალური მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ გამოძიების დაწყებით, საქართველოს ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ გადაწყვეტილებაში არსებული შენიშვნები სრული სიმართლეა.
„გამოძიების დაწყებით საქართველოს პროკურატურამ ფაქტობრივად დაადასტურა, რომ ყველაფერი რაც წერია ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს გადაწყვეტილებაში მერაბიშვილის საქმეზე, სიმართლეა. ეს არის ერთგვარი აღიარებითი ჩვენება. რანაირი შელამაზებითაც არ უნდა დაკავდეს მთავრობა, მთავრობას, ბიძინა ივანიშვილს არაფერი არ ეშველება,“ - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
პროკურატურის გადაწყვეტილებას გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით, დადებითად აფასებენ ქართული ოცნების დეპუტატები.
„ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება არის ყველა ქვეყნისთვის სავალდებულო და ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. მით უფრო იმ ფონზე, რაც სულ ახლახანს პარლამენტში, სწორედ ჩვენმა კომიტეტმა ინიცირება მოახდინა, რომ პარლამენტმა გააძლიეროს კონტროლი ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე. გამოძიებას ნუ დავასწრებთ, გამოძიება სწორედ იმიტომ ტარდება, რომ მან გასცეს პასუხი კითხვებს რასთან გვქონდა საქმე, მოხდა თუ არა საერთოდ ეს ფაქტი,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.