უკრაინელი დეპუტატი ხელისუფლებას "რუსთავი2"-ის ჟურნალისტებზე მომხდარი თავდასხმის გამოძიებისკენ მოუწოდებს
სტრასბურგში ევროსაბჭოს განათლების, კულტურისა და მედიის კომიტეტზე, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმეზე, ორი დღის წინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რუსთავი 2-ის ჟურნალისტებზე განხორციელებულ ზეწოლაზე ისაუბრეს.
ევროსაბჭოში უკრაინის საპარლამენტო დელეგაციის წევრის, ვლადიმერ არიევის ინფორმაციით, ის იყო ინიციატორი აღნიშნული საკითხების განხილვისა. არიევი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რაც შეიძლება სწრაფად გამოიძიონ აეროპორტში მომხდარი ინციდენტი.
„როგორც ჟურნალისტების დაცვისა და სიტყვის თავისუფლების საკითხებზე მომხსენებელმა, თხოვნით მივმართე საქართველოს ხელისუფლებას გამოიძიოს თბილისის აეროპორტში რუსთავი 2-ის გადამღებ ჯგუფსა და დეპუტატზე მომხდარი თავდასხმა და აღკვეთოს სამომავლოდ მსგავსი შემთხვევები. ეს არის დემოკრატიული თავისუფლების უხეში დარღვევა. ამ შემთხვევის გამოძიება საქართველოს სამართალდამცველი ორგანოების ღირსების საქმე უნდა იყოს,“ - განაცხადა არიევმა.