2016 წლის 1 იანვრიდან დღემდე იარაღის უკანონო ფლობა-ტარებისთვის პასუხისგებაში 54 პირია მიცემული
შსს-მ ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 2016 წლის 1 იანვრიდან 20 მაისამდე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო.
ამის შესახეხ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ამ პერიოდში ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და გასაღების ბრალდებით, დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 54 პირი.
"დაკავებულების კუთვნილი ავტომანქანების, საცხოვრებელი სახლების, ასევე, პირადი ჩხრეკისას ამოღებულია 85 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი, აქედან - 53 პისტოლეტი, 15 ავტომატი, 5 რევოლვერი, 11 შაშხანა, 1 გადაჭრილი სანადირო თოფი, 5 ხელყუმბარა, 1 ამფეთქი ფალია, 250 კილოგრამი უკვამლო დენთი, 200 გრამი ტროტილი და სხვადასხვა ტიპის იარაღისთვის განკუთვნილი 2355 ცალი საბრძოლო ვაზნა," - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, ღონისძიებების მიმდინარეობისას სამართალდამცველებმა პრევენციულად აღკვეთეს მძიმე კატეგორიის დანაშაულები, როგორიცაა: მკვლელობა, მკვლელობის მცდელობა, ყაჩაღობა, სხეულის მძიმე დაზიანება და სხვა.
"შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ შეახსენებს საზოგადოებას, რომ პირი, რომელიც პოლიციას არარეგისტრირებულ ცეცხლსასროლ იარაღს ნებაყოფლობით ჩააბარებს, კანონის თანახმად, თავისუფლდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან," - ნათქვამია განცხადებაში.