დავით ნარმანია საკრებულოში - 17 მაისის სხდომა პოლიტიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა
4-საათიანი განხილვა საკრებულოში - 17 მაისის სხდომა, რომელზეც დავით ნარმანია ბოტანიკური ბაღის გასხვისებასთან დაკავშირებით დაიბარეს, პოლიტიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს დარბაზის დატოვებისკენ უმრავლესობის დეპუტატი, ჯაბა ჯიშკარიანი და მელორ ვაჩნაძემ მოუწოდეს, თუმცა რა სტატუსით უცნობია.
არასამთავრობოების დარბაზიდან გაყვანის შემდეგ, დავით ნარმანიამ სიტყვით გამოსვლა მშვიდ ვითარებაში განაგრძო. მერმა მოხსენების ძირითადი ნაწილი ოპონენტების კრიტიკას დაუთმო.
ამ დაპირისპირების შემდეგ ნაციონალურმა მოძრაობამ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.
თბილისის მერი აცხადებს, რომ მას წინასწარ არ ქონდა ინფორმაცია, რომ 29 ჰექტარის მფლობელი ივანიშვილი გახდებოდა. ნარმანია იმასაც ამბობს, რომ ბოტანიკური ბაღის ტერიტორია მხოლოდ ბაღის სასარგებლოდ გასხვისდა.
დავით ნარმანია დარწმუნებულია, რომ მისი 2 წლიანი მუშაობა მერის პოსტზე წარმატებული იყო.
ერთ-ერთ მთავარ მიღწევად მერმა წინა წლებთან შედარებით შემცირებული რაოდენობით გაცემული პრემია-დანამატი დაასახელა.
დედაქალაქის მერს საპატრულო პოლიცია შენობის შიგნით და გარეთ ერთდროულად იცავდა და დარბაზში ატეხილი ხმაურის დამშვიდების პარალელურად, საკრებულოს შენობის გარეთ მიმდინარე აქციის დაშლას ცდილობდა.
ავტორები: ეკო მაღრაძე, ვანო გავაშელი.